Accessibility links

logo-print

პროკურატურა სააკაშვილისა და მისი ოჯახის ქონების დაყადაღებას განმარტავს


მიხეილ სააკაშვილის და მისი ახლობლების ქონების დაყადაღება გასხვისების და ქონების გადამალვის ვარაუდის საფუძველზე მოხდა,- ამის შესახებ მთავარი პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული. პროკურატურა შეახსენებს საზოგადოებას, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ბრალად ედება სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 8 837 461.34 ლარის გაფლანგვა, რითაც მან სახელმწიფოს მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი. „ვინაიდან, ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი თავს არიდებს გამოძიებას, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ მოსალოდნელი ქონებრივი პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით, იგი გაასხვისებდა ან სხვაგვარად გადამალავდა მისი და მასთან დაკავშირებული პირების სახელზე რიცხულ ქონებას, რაც ხელს შეუშლიდა სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას,”- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. როგორც ირკვევა, სწორედ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 29 აგვისტოსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 3 სექტემბრის განჩინებებით, ყადაღა დაედო ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილისა და მასთან დაკავშირებული პირების უძრავ-მოძრავ ქონებას. უწყება აქვეყნებს დაყადაღებული ქონების ჩამონათვალს.

XS
SM
MD
LG