Accessibility links

აზერბაიჯანში საძირკველი ჩაეყარა ბუნებრივი აირის სამხრეთის დერეფანს


აზერბაიჯანში საძირკველი ჩაეყარა ბუნებრივი აირის სამხრეთის დერეფანს. ცერემონიაში, რომელიც სანგაჩლის ტერმინალზე გაიმართა, მონაწილეობა მიიღეს პროექტში ჩართული ქვეყნების ლიდერებმა. „შაჰ-დენიზის“ პროექტის მე-2 ფაზის ფარგლებში გათვალისწინებულია ბუნებრივი აირის ექსპორტის გაზრდა საქართველოს ტერიტორიის გავლით, აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით, წლიურად, დამატებით 16 მილიარდი კუბური მეტრი გაზის გადაქაჩვა. თურქეთიდან მილსადენის მარშრუტი გაგრძელდება ალბანეთისა და იტალიისაკენ. ბუნებრივი აირის სამხრეთის დერეფნისათვის საძირკველის ჩაყრის ცერემონიაში მონაწილეობდა საქართველოს დელეგაციაც, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით. „ეს არის ძალიან დიდი დღე, ვინაიდან საქართველო არის ამ პროექტის ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორი და მთავარი მონაწილე. საქართველო რჩება სტაბილურ, საიმედო ტრანზიტულ ქვეყნად და ეს ჩვენი ქვეყნისათვის იქნება მნიშვნელოვანი, იქიდან გამომდინარე, რომ ეს მოიტანს ინვესტიციებს. ეს არის 45-მილიარდიანი პროექტი და აქედან, დაახლოებით, 2 მილიარდი დოლარის ინვესტიციები განხორციელდება საქართველოში“, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. ცნობების თანახმად, საქართველოს ტრანზიტისთვის დარჩება მილსადენში გატარებული ბუნებრივი აირის 5%.

XS
SM
MD
LG