Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიაში „ამაზონის“ ხუთი სადისტრიბუციო ცენტრის თანამშრომლები გაიფიცნენ


გერმანიაში კომპანია „ამაზონის“ ხუთი ლოჯისტიკური ცენტრის თნამშრომლები ორი დღით გაიფიცნენ და მოითხოვენ კოლექტიურ სახელფასო ხელშეკრულებას. გაფიცვა კვირას, ღამის ცვლაში, 22 საათზე, ბად ჰერსფელდის ორ სადისტრიბუციო ცენტრში დაიწყო. ორშაბათს, 4 საათზე კი კიდევ სამი - ლაიფციგის, გრაბენისა და რაინბერგის ცენტრებიც შეუერთდნენ. გაფიცვა სამშაბათს, 22 საათზე უნდა დასრულდეს. პროფკავშირს სურს, რომ „ამაზონმა“ გერმანიაში დასაქმებულებს შესთავაზოს კოლექტიური ხელშეკრულება, რომელიც შესაბამისობაში იქნება გერმანიის საბითუმო და ლოჯისტიკურ ცენტრებში არსებულ ანაზღაურებასთან. პროფკავშირი თვლის, რომ გერმანიაში დასაქმებულებს „ამაზონი“ ყოველთვიურად რამდენიმე ასეული ევროთი ნაკლებს უხდის, ვიდრე საბითუმო ვაჭრობის სფეროში დასაქმებულებს ეკუთვნით გერმანიაში. პროფკავშირის ინფორმაციით, გრაბენში „ამაზონმა“ დასაქმებულებს ხელფასის 2,1%-დან 3%-მდე გაზრდა შესთავაზა. „ჩვენ არ დავუშვებთ, რომ კომპანია თვითონ გვკარნახობდეს ხელფასებს. მხოლოდ კოლექტიური სახელფასო ხელშეკრულება უზრუნველყოფს დასაქმებულთა სამუშაო პირობებსა და ანაზღაურებას“, - განაცხადა პროფკავშირის წარმომადგენელმა სტეფანი ნუტცენბერგმა. „ამაზონს“ გერმანიაში 9 ათასი ადამიანი მუდმივი კონტრაქტით, 14 ათასი კი დროებითი კონტრაქტით ჰყავს დაქირავებული.

XS
SM
MD
LG