Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიუ-იორკში იმყოფება საქართველოს სამთავრობო დელეგაცია


ნიუ-იორკში იმყოფება საქართველოს სამთავრობო დელეგაცია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს. ის დღეს სიტყვით გამოვა გაეროს გენერალური ასამბლეის სპეციალურ სესიაზე, რომელზეც მოსახლეობისა და განვითარების შესახებ საერთაშორისო კონფერენციის სამოქმედო პროგრამის შესრულების საკითხები განიხილება. დღესვე საქართველოს პრემიერ-მინისტრი მეუღლესთან ერთად დაესწრება აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ბილ კლინტონის და თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოანის სახელით დაგეგმილ მიღებებს. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, 23 სექტემბერს ირაკლი ღარიბაშვილი პირისპირ შეხვდება ლატვიის, ლიტვის და თურქეთის პრეზიდენტებს ანდრის ბერჟინსს, დალია გრიბაუსკაიტეს და რეჯეპ ტაიპ ერდოანს და სიტყვით გამოვა კლიმატის ცვლილებებისადმი მიძღვნილ სამიტზე. იმავე საღამოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მეუღლესთან ერთად მიწვეულია აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამასა და პირველი ლედის მიშელ ობამას მიღებაზე, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 69-ე სესიის მონაწილე დელეგაციების მეთაურთა პატივსაცემად გაიმართება. 24 სექტემბერს ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება გაეროს გენერალური ასამბლეის დებატების გახსნას და სიტყვით გამოვა საერთაშორისო ეკონომიკური ალიანსის მიერ ორგანიზებულ საინვესტიციო სიმპოზიუმზე. 25 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიუ-იორკში გვირგვინით შეამკობს 11 სექტემბრის ტერაქტებისას დაღუპულთა მემორიალს. იმავე დღეს ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდება ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელს ჰერმან ვან რუმპეს, საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, პრინც საუდ ალ ფაიზალს, ირანის პრეზიდენტს ჰასან როჰანის და კანადის პრემიერ-მინისტრს სტივენ ჰარპერს. 25 სექტემბერსვე საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრება ოფიციალურ სადილს, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს სახელით გაიმართება. 26 სექტემბერს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოვა გაეროს გენერალური ასამბლეის 69-ე სესიაზე.

XS
SM
MD
LG