Accessibility links

logo-print

ანკარა: თურქეთში შემოვიდა 130,000-ზე მეტი სირიელი ქურთი


ანკარას განცხადებით, ბოლო ორი დღის განმავლობაში სირიიდან თურქეთში გადავიდა 130,000-ზე მეტი ქურთი. ისინი ექსტრემისტულ ჯგუფს, ისლამურ სახელმწიფოს გაექცნენ. თურქეთის ვიცე-პრემიერმა, ნუმან ქურტულმუსმა 22 სექტემბერს ანკარაში განაცხადა, რომ თურქეთის მთავრობა უფრო მეტი ლტოლვილის მისაღებად ემზადება, მათ შორის „ყველაზე ცუდი სცენარისთვის“, რომელიც ასი ათასობით ან კიდევ უფრო მეტი ლტოლვილის ჩასვლას ითვალისწინებს. სირიელი ქურთების მოზღვავების ფონია „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტთა მხრიდან სირიის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქ აინ ალ-არაბის, ქურთულად კობანის, სიახლოვეს ათობით სოფლის დაპყრობა. თურქეთის ქურთთა მეამბოხე ჯგუფის, ქურთისტანის მუშათა პარტიის წარმომადგენლებმა 22 სექტემბერს ქურთებს მოუწოდეს სირიაში გადავიდნენ და ერთობლივად ებრძოლონ „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებს. ბიბისის ცნობით, თურქეთის უსაფრთხოების ძალები ცდილობენ არ დაუშვან ქურთი მებრძოლების სირიაში გადასვლა, ბრძოლაში ჩართვის მიზნით.

XS
SM
MD
LG