Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბესიკ დევდარიანმა სიცრუე უწოდა ნაციონალური მოძრაობის განცხადებას


ნაციონალური მოძრაობის განცხადებას, რომ საპატიმროებს კრიმინალური ავტორიტეტები მართავენ, სიცრუე უწოდა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ. მინისტრის მოადგილემ ბესიკ დევდარიანმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებს აკონტროლებს ადმინისტრაცია და არა ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები. ნაციონალური მოძრაობის ბრალდების საპასუხოდ სასჯელაღსრულების ყოფილმა მინისტრმა სოზარ სუბარმა სააგენტო "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რომ "რუსთავი 2"-ის გადაცემა „აქცენტების“ მიერ გასულ კვირაში გავრცელებული ჩანაწერებიდან ზოგიერთი შესაძლოა, ავთენტური იყოს, ზოგი კი არა, თუმცა, სუბარის შეფასებით, თავად გადაცემა არაპროფესიონალურად და არაკეთილსინდისიერად იყო მომზადებული. "თავდაპირველად რაც უჩვენეს, ეს იყო მე-7 საპყრობილეში კრიმინალური გარჩევის კადრები, რომლებიც გადაღებულია ნაციონალური მოძრაობის მმართველობისას და "იუტუბი" სავსეა ამ კადრებით“, - განაცხადა სოზარ სუბარმა. ამასთან, მან აღნიშნა, რომ კრიმინალი არსებობს ნებისმიერი მმართველობისას და ნებისმიერ ქვეყანაში. რაც შეეხება პატიმრობიდან ე.წ. კანონიერი ქურდის ტარიელ ფოცხვერიას გათავისუფლებას, სოზარ სუბარის ინფორმაციით, ფოცხვერია ციხიდან საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გაუშვა. "არ დავიწყებ სპეკულაციას იმაზე, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ძმაა, მაგრამ სასამართლომ ფოცხვერიას მოუხსნა სასჯელის შეკრებითობა მაშინ, როცა გაცილებით მსუბუქი დანაშაულისთვის გასამართლებულ ბევრ ადამიანს შეკრებითობა არ გაუუქმეს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა. მისივე თქმით, "რუსთავი 2"-ის გადაცემაში კრიმინალურ ავტორიტეტად მოხსენიებული კიდევ ერთი პირი გუჯეჯიანი კი პატიმრობიდან 2012 წელს გაათავისუფლა მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

XS
SM
MD
LG