Accessibility links

logo-print

ადვოკატის განცხადებით, დაყადაღებულია თემურ ჯანაშიას შვილების, ყოფილი მეუღლისა და სიდედრის ქონება


სასამართლოს მიერ დაყადაღებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის თემურ ჯანაშიას არასრულწლოვანი შვილების, ყოფილი მეუღლის და სიდედრის ქონება და 560-ლარიანი პენსია, - განაცხადა თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჯანაშიას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ. მან ქონების დაყადაღების შესახებ თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებას უკანონო და დაუსაბუთებელი უწოდა. ბექა ბასილაიას თქმით, თემურ ჯანაშიასთვის წარდგენილ ბრალდებასთან არანაირი კავშირი არ აქვს მისი შვილების, ყოფილი მეუღლისა და სიდედრის ქონებას და საპენსიო ანგარიშს. ადვოკატის განმარტებით, პროკურატურა ჯანაშიას ადანაშაულებს საბიუჯეტო თანხის გაფლანგვაში დაყადაღებული ქონების დიდი ნაწილი კი შეძენილია სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში თანამდებობაზე მის დანიშვნამდე. თავად თემურ ჯანაშიამ ადვოკატთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ბრალდება კიდევ ერთხელ უარყო და განაცხადა, რომ საბიუჯეტო თანხებს კანონის შესაბამისად განკარგავდა. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თემურ ჯანაშია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთადაა ბრალდებული სახელმწიფოს კუთვნილი 8 მილიონი ლარის გაფლანგვაში.

XS
SM
MD
LG