Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი სიტყვით გამოვიდა კლიმატური ცვლილებების შესახებ გაეროს სამიტზე


საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა მზადაა, წვლილი შეიტანოს საერთაშორისო ძალისხმევაში კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებული საფრთხეების წინააღმდეგ. ღარიბაშვილმა ამ შინაარსის განცხადება გააკეთა ნიუ-იორკში, გაეროს სამიტზე, რომელიც კლიმატური ცვლილებების თემას ეძღნება. ღარიბაშვილის განმარტებით, "საქართველოში კლიმატური ცვლილებები გამოიწვევს დათბობას, მნიშვნელოვან ტრანსსასაზღვრო აუზებში წყალმომარაგების შემცირებას, აგრეთვე ექსტრემალურ კლიმატურ მოვლენებსა და ამინდთან დაკავშირებული რისკების მომატებას. რთული მთიანი ტოპოგრაფია დაუცველს ხდის საქართველოს ბუნებრივი საფრთხეების მიმართ, მათ შორისაა წყალდიდობა, ღვარცოფი და მეწყერი“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა გაეროს სამიტზე სიტყვით გამოსვლისას. მანამდე გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბან კი მუნმა ერთდღიანი ღონისძიების გახსნისას 120-მდე ქვეყანას მოუწოდა „ახალი კურსი“ დასახონ კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლაში. სამიტის მიზანია წევრი ქვეყნები განეწყონ კლიმატის საკითხებზე ახალი, ყოვლისმომცველი შეთანხმების ხელმოსაწერად, რაც მომავალ წელს პარიზში უნდა მოხდეს. ამასთან, სამიტი მიზნად ისახავს ბიზნეს-სამყაროს ლიდერებს უბიძგოს მათ კომპანიებში ნახშირბადის ემისიის შემცირებისკენ. სამიტის გახსნის წინ მსოფლიო ბანკმა განაცხადა, რომ მთავრობებს 1000-მდე კომპანია შეუერთდება ისეთი საკითხების განსაზღვრაში, როგორებიცაა ნახშირბადის ემისიაზე ფასის დადგენა და უფრო სუფთა ენერგეტიკის ტექნოლოგიების შემუშავება.

XS
SM
MD
LG