Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი პოროშენკოს რუსეთის ბაზრის დახურვით დაემუქრა


მოსკოვი კიევს ემუქრება ბაზრის დახურვით, თუკი უკრაინასა და ევროკავშირს შორის სავაჭრო შეთანხმება ამოქმედდება. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს და უკრაინის პრეზიდენტისთვის რუსეთის პრეზიდენტის მიერ მიწერილ წერილს იშველიებს. სააგენტოს ჟურნალისტების თანახმად, ვლადიმირ პუტინის 17 სექტემბრის წერილი შეიცავს მუქარებს, რომ, თუ კიევი დააჩქარებს ევროკავშირთან ასოცირებას, რუსეთის ბაზარი უკრაინული პროდუქციისთვის დაიხურება. პუტინი პოროშენკოს სწერს, რომ ევროკავშირთან ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მოსამზადებლად ეროვნულ კანონმდებლობაში ცვლილებებიც კი მოსკოვიდან მყისიერ რეაქციას გამოიწვევს. მოსკოვი უკრაინისთვის დახურავს „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან რუსეთის ბაზრებს“, თუკი კიევი ევროკავშირთან ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ნებისმიერ ნაწილს განახორციელებს. „ასოცირების შესახებ შეთანხმებაში მხოლოდ სისტემური შესწორებები, რომლებიც გაითვალისწინებს რუსეთ-უკრაინის ეკონომიკური კავშირების რისკების მთელ სპექტრს და მთლიანად რუსეთის ეკონომიკისთვის, გახდის შესაძლებელს რუსეთისა და უკრაინის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შენარჩუნებას“, - წერს პუტინი პოროშენკოს. ციტატას წერილიდან „როიტერსი“ ავრცელებს. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა არც დაადასტურა და არც უარყო წერილის არსებობა. 17 სექტემბერს უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა ღონისძიებათა გეგმა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების განსახორციელებლად. 12 სექტემბერს უკრაინის, ევროკავშირისა და რუსეთის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ 2015 წლის ბოლომდე გადავადდეს უკრაინასა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ამოქმედება. გასულ კვირაში რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა დადგენილებას უკრაინულ საქონელზე საბაჟო გადასახადების შემოღებაზე. ეს გადასახადები ამოქმედდება, თუკი კიევი ვადაზე ადრე აამოქმედებს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმს.

XS
SM
MD
LG