Accessibility links

logo-print

საქართველოს პრემიერი დაესწრო აშშ-ის პრეზიდენტისა და პირველი ლედის სახელით გამართულ მიღებას


ირაკლი ღარიბაშვილს შესაძლებლობა ჰქონდა აშშ-ის პრეზიდენტს მცირე ხნით გასაუბრებოდა ნიუ-იორკში გამართულ მიღებაზე, რომელიც ბარაკ ობამასა და მიშელ ობამას სახელით, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაში მონაწილე ქვეყნების დელეგაციათა ხელმძღვანელების პატივსაცემად გაიმართა. საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მიღებას 200-მდე ქვეყნის დელეგაციის მეთაური იმყოფებოდა. მაია ფანჯიკიძის თქმით, „ეს იყო ზოგადი საუბარი, მოკითხვა და ქვეყნის შესახებ მცირე ინფორმაციის მიწოდება.“ საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ირაკლი ღარიბაშვილს და ბარაკ ობამას რადიკალურ დაჯგუფებასთან „ისლამურ სახელმწიფოსთან“ საბრძოლველად სირიელი მეომრების გაწვრთნის საკითხზე არ უსაუბრიათ. „კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ეს თემა დღის წესრიგში არ დგას და საქართველო სამხედრო თვალსაზრისით არავითარ შემთხვევაში არ მიიღებს მონაწილეობას დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში“, - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველომ აშშ-ს შესთავაზა სირიის ოპოზიციის მებრძოლების გაწვრთნა, გამოცემა Foreign Policy-მ გაავრცელა აშშ-ში საქართველოს ელჩზე არჩილ გეგეშიძეზე დაყრდნობით. თავად ელჩმა და საქართველოს თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებმა ეს ინფორმაცია უარყვეს.

XS
SM
MD
LG