Accessibility links

logo-print

ღარიბაშვილი: ჩვენ ვრჩებით საერთო მიზნის ერთგული


ნიუ იორკში დასრულდა საერთაშორისო კონფერენცია "ღია მმართველობის პარტნიორობა," რომელზეც სიტყვით გამოვიდა მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნის ლიდერი, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. „ჩვენ ვრჩებით საერთო მიზნის ერთგული - გვყავდეს ჭეშმარიტად ღია, თანამონაწილე, თანამშრომლობისთვის მზადმყოფი და ანგარიშვალდებული მთავრობა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ მიაღწია იმას, რომ უპრეცედენტოდ მაღალია საჯაროობის და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის დონე, რაც “ღია მმართველობის პარტნიორობით“ განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების ნაწილია. პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა საჯარო ადმინისტრაციის ღიაობასა და ანგარიშვალდებულებას აფართოებს ახალი ინიციატივებით, რომლებიც მთავრობის სამოქმედო გეგმის ნაწილია. "ეს ინიციატივებია ინფორმაციის თავისუფლებისა და გამჭვირვალობის ახალი რეგულაციების ამოქმედება, სამოქალაქო საზოგადოების მეტი ჩართულობის სტიმულირება, საზოგადოების მონაწილეობის გაზრდის ხელშეწყობა, მომსახურების სტანდარტების გაზრდა და მოქალაქეებისათვის ღია მონაცემების ელექტრონული პორტალის შექმნა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მან ნდობისთვის მადლობა გადაუხადა „ღია მმართველობის პარტნიორობას“, რომლის საკოორდინაციო კომიტეტის წევრი ორი წლის ვადით გახდა საქართველოს მთავრობა. ნიუ-იორკში გამართულ კონფერენციას კომიტეტის წევრის სტატუსით დაესწრო საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.

XS
SM
MD
LG