Accessibility links

ბერლინში იმსჯელებენ უკრაინისთვის რუსეთიდან გაზის მიწოდების აღდგენაზე


ევროკავშირის, რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლები შეიკრიბებიან ბერლინში და იმსჯელებენ უკრაინისთვის რუსეთის გაზის მიწოდების აღდგენის შესაძლებლობაზე. ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში გიუნტერ ოტინგერი, რუსეთის ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრ ნოვაკი და უკრაინის ენერგეტიკისა და ქვანახშირის მრეწველობის მინისტრი იური პროდანი მიიღებენ მოლაპარაკებებში მონაწილეობას და შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციას გამართავენ. შეხვედრამდე კი გიუნტერ ოტინგერმა განაცხადა, რომ იმედოვნებს შეთანხმების მიღწევას, რომელიც 2015 წლის აპრილამდე იქნება ძალაში და უზრუნველყოფს რუსეთიდან ბუნებრივი აირის უწყვეტ მიწოდებას მომავალი ზამთრის განმავლობაში. ევროპა წუხს, რომ უკრაინისთვის რუსეთის ბუნებრივი აირის მიწოდების შეჩერება მას დეფიციტს შეუქმნის. უკრაინა კი შიშობს, რომ ვერ შეძლებს მიიღოს მინიმუმ 5 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი, რაც მას ზამთრის გადასატანად სჭირდება. თუკი ზამთარი განსაკუთრებით ცივი იქნება, უკრაინას შესაძლებელია 5 მილიარდ კუბურ მეტრზე რამდენჯერმე მეტი გაზიც დასჭირდეს.

XS
SM
MD
LG