Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდოეთი პაკისტანს მოუწოდებს სერიოზულად მოეკიდოს მოლაპარაკებას


გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ განაცხადა, პაკისტანმა უფრო მეტი სერიოზულობა უნდა გამოიჩინოს, რათა ორ მეზობელ ქვეყანას შორის მოლაპარაკება განახლდესო. 27 სექტემბერს წარმოთქმულ სიტყვაში მოდიმ განაცხადა, რომ ისლამაბადთან ორმხრივი მოლაპარაკების გამართვა სურს „ტერორიზმის ჩრდილის გარეშე.“ პაკისტანის პრემიერ-მინისტრი, ნავაზ შარიფი გენერალურ ასამბლეაზე 25 სექტემბერს გამოვიდა სიტყვით და ინდოეთი გააკრიტიკა კამათის საგნად ქცეული ქაშმირის რეგიონის შესახებ დაგეგმილი სამშვიდობო მოლაპარაკებიდან გასვლის გამო. მაისში შარიფი ინდოეთში ჩავიდა და მოდის ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრო, რამაც გაზარდა იმედი, რომ კონფლიქტში შესაძლოა პროგრესი აღირიცხოს. ინდოეთი აგვისტოში გავიდა დაგეგმილი სამშვიდობო მოლაპარაკებებიდან, ისლამაბადის გეგმის გამო, რომელიც შეხვედრამდე ითვალისწინებდა კონსულტაციებს ქაშმირში სეპარატისტებთან. დელი აცხადებს, რომ პაკისტანი მხარს უჭერს გასამხედროებულ სეპარატისტებს, რომლებიც ინდოეთის ძალებს ესხმიან თავს.

XS
SM
MD
LG