Accessibility links

logo-print

რუსეთმა „ოსკარზე“ წარადგინა ანდრეი ზვიაგინცევის „ლევიათანი“


რუსეთმა ამერიკის კინოაკადემიის პრემია „ოსკარზე“, საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში წარადგინა ანდრეი ზვიაგინცევის ფილმი „ლევიათანი.“ ეს ცნობა გამოაცხადა რეჟისორმა პაველ ჩუხრაიმ, რუსეთის ოსკარის კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ. ზვიაგინცევის ფილმმა კანის კინოფესტივალზე საუკეთესო სცენარისთვის მოიპოვა პრემია, მიუნხენის კინოფესტივალზე კი მას როგორც საუკეთესო უცხოურ ფილმს ერგო ჯილდო. ასეთ ფონზე, უცენზურო ლექსიკის გამო, „ლევიათანი“ არ უჩვენებიათ მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალის გახსნაზე. ამავე მიზეზით კითხვის ნიშნის ქვეშ იყო „ლევიათანის“ გატანა რუსეთის კინოთეატრებში. კულტურის მინისტრი, ვლადიმირ მედინსკი უარს აცხადებდა სურათისთვის გაქირავების ნებართვის მინიჭებაზე და აცხადებდა, რომ ზვიაგინცევის ფილმი „არ იზარალებს, თუკი იქიდან გინებას ამოჭრიან.“ ივლისში „ლევიათანმა“ მაინც მოიპოვა კინოთეატრებში ჩვენების უფლება - სურათის პროდიუსერი, ალექსანდრ როდნიანსკი აცხადებდა, რომ გინებას ფილმში ხმოვანი სიგნალი გადაფარავს. რუსეთში პირველი ივლისიდან შევიდა ძალაში კანონი, რომელიც კრძალავს არანორმატიული ლექსიკის გამოყენებას მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, ხელოვნების ნიმუშის საჯაროდ, ტელევიზიით შესრულებისას, თეატრებში, კინოში, კონცერტებზე და გამოფენებზე. კანონის მიღებამდე რამდენიმე დღით ადრე რუსეთის რამდენიმე ქალაქებში გაიმართა „კულტურის დაცვის“ აქციები, რომლის მონაწილეები ითხოვდნენ არ შემოღებულიყო შეზღუდვები.

XS
SM
MD
LG