Accessibility links

logo-print

ჰონგ-კონგის ლიდერი დემონსტრანტებს დაშლისკენ მოუწოდებს


ჰონგ-კონგის ლიდერმა დემოკრატიზაციის მოთხოვნით მიმდინარე აქციის მონაწილეებს მოუწოდა „დაუყოვნებლივ“ დატოვონ ქუჩები. ვრცელდება ცნობები, რომ დემონსტრანტთა ჯგუფების შეგროვების გამო ჩინეთის ამ ტერიტორიის რამდენიმე მონაკვეთი პარალიზებულია. ჰონგ-კონგის ადმინისტრაციის ლიდერმა, ლიან ჩჟენინმა 30 სექტემბერს განაცხადა, რომ პეკინი უკან არ წაიღებს თავის გადაწყვეტილებას საარჩევნო რეფორმის შეზღუდვის თაობაზე. საქმე ეხება არჩევნებს, რომელიც 2017 წელს უნდა გაიმართოს და ლიან ჩჟენინის შემცვლელი უნდა აირჩეს. კანდიდატების არჩევანი შეიზღუდება იმ პირებით, რომლებსაც პეკინის მომხრე კომიტეტი დაამტკიცებს. საპროტესტო აქციების ლიდერებმა უარყვეს ლიან ჩჟენინის მოწოდებები და კიდევ ერთხელ გამოვიდნენ მისი გადადგომის მოთხოვნით. დემონსტრანტებს, რომელთა დიდ ნაწილს სტუდენტები წარმოადგენენ, სურთ პეკინმა ჰონგ-კონგს მისცეს ახალი ლიდერის თავისუფლად არჩევის საშუალება. შაბათ-კვირას სპეცრაზმმა აქციის მონაწილეთა დაშლა ცრემლმდენი გაზით სცადა, თუმცა დემონსტრანტების რიგები გაიზარდა და პოლიციამ 29 სექტემბერს განზე გადგომა ამჯობინა, დაძაბულობის განმუხტვის მიზნით.

XS
SM
MD
LG