Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უსუფაშვილი: ახალი რეზოლუცია უკეთ მუშაობისკენ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას


ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახალი რეზოლუცია საქართველოს ხელისუფლებას უკეთ მუშაობისკენ მოუწოდებს და არ ლაპარაკობს იმაზე, რომ წინა ხელისუფლება კარგი იყო, - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა. ის დარწმუნებულია, რომ რეზოლუციას ყველა კარგად გაეცნობა, სათანადო დასკვნებს გამოიტანს და დემოკრატიის ხარისხი კიდევ უფრო გაუმჯობესდება. „ევროპა გვეუბნება, რომ ქვეყანაში ძალიან სერიოზული მიღწევებია, ბევრი სწორი რეფორმაა დაწყებული და დიდი ნაბიჯები გადაიდგა მას შემდეგ, რაც სათავეში ახალი ხელისუფლება მოვიდა, მაგრამ გასაკეთებელია კიდევ ბევრი რამ, რაც ჩვენ ისედაც ვიცით“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ რეზოლუციაში დასმულ ყველა შეკითხვას და გამოთქმულ წუხილს შესაბამისი პასუხი გაეცემა. დავით უსუფაშვილის თქმით, პასუხი დამაჯერებელი იქნება ევროპელი მეზობლებისთვის და არა მათთვის, ვინც ცდილობს რეზოლუციას ამოეფაროს და წარსულში ჩადენილი ბოროტმოქმედება, ან შეცდომები გაამართლოს. საქართველოს შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ 1 ოქტომბერს მიღებული რეზოლუცია, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად საუბარია ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანთა სისხლის სამართლებრივ დევნაზეც, ევროპაში „ქართული ოცნების“ ფიასკოდ შეაფასა ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ.

XS
SM
MD
LG