Accessibility links

logo-print

ისრაელმა შვედეთის ელჩი დაიბარა პალესტინის აღიარების საკითხზე


ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიბარა შვედეთის ელჩი, რათა გააპროტესტოს შვედეთის გეგმა პალესტინის სახელმწიფოს აღიარების თაობაზე. სამინისტრო აცხადებს, რომ ელჩი კარლ მაგნუს ნესერი მას შემდეგ დაიბარა, რაც შვედეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, სტეფან ლოვენმა გასულ კვირაში განაცხადა, რომ მისი მთავრობა აპირებს პალესტინა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიაროს. სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ელჩი გააფრთხილეს, რომ ასეთი ნაბიჯი „ხელს არ შეუწყობს ისრაელელებსა და პალესტინელებს შორის კავშირებს - პირიქით, გამოიწვევს მათ გაუარესებას.“ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ დაგმო ლოვენის განცხადებები. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ავიგდორ ლიბერმანმა განაცხადა, ლოვენმა ნაჩქარევი განცხადებები გააკეთაო და მიანიშნა, რომ მას კარგად არ ესმის კონფლიქტის არსი. პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტი, მაჰმუდ აბასი მიესალმა შვედეთის განცხადებას და მას „დიდებული და ღირსეული“ უწოდა.

XS
SM
MD
LG