Accessibility links

logo-print

საქართველოში იმყოფება სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე


სომხეთმა აირჩია ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანება, საქართველომ კი ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების და შესაბამისად, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, თუმცა ეს ხელს არ შეუშლის ორი ქვეყნის სავაჭრო ურთიერთობის განვითარებას - ამის შესახებ სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ გალუსტ საჰაკიანმა განაცხადა თბილისში, საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან დღევანდელი შეხვედრისას. საჰაკიანის შეფასებით, საქართველოსა და სომხეთის თანამშრომლობა იქცევა ხიდად ორ სავაჭრო ზონას შორის. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და სომხეთის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობის საკითხები. დღესვე სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე გალუსტ საჰაკიანი მთავრობის ადმინისტრაციაში მიიღო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრისას საუბარი იყო ორი ქვეყნის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებასა და კონკრეტულ სფეროებში თანამშრომლობის გააქტიურებაზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარემ ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.

XS
SM
MD
LG