Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის დუმა უცხოეთში ქონებაჩამორთმეული მოქალაქეების მხარდასაჭერ კანონპროექტს განიხილავს


რუსეთის სახელმწიფო დუმა განიხილავს კანონპროექტს კომპენსაციების გაცემაზე რუსეთის იმ მოქალაქეებისთვის, ვინც უცხოეთის სასამართლოების უსამართლო გადაწყვეტილებებით დაზარალდა. ინიციატივის ავტორმა - „ედინაია როსიას“ დეპუტატმა ვლადიმირ პონევეჟსკიმ განაცხადა, რომ ლაპარაკია რუსეთის იმ მოქალაქეების საკუთრების დაცვაზე, რომელთა წინააღმდეგაც უცხოეთში უსამართლო გადაწყვეტილებები იყო მიღებული. ინიციატივის თანახმად, უცხოეთის სასამართლოების მიერ ისეთ საქმეებზე გადაწყვეტილებები, რომლებიც რუსეთში უნდა განხილულიყო, რუსეთის სასამართლოს კომპეტენციაში შეჭრად და რუსეთის სუვერენიტეტის დარღვევად ჩაითვლება. რუსეთის მოქალაქეები კომპენსაციას რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან მიიღებენ. ამასთან, რუსეთს შეეძლება მატერიალური პრეტენზიები წაუყენოს უცხოეთის სახელმწიფოს, რომლის სასამართლომაც მიიღო გადაწყვეტილება. რუსეთის მთავრობამ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. რუსეთის მედიამ დოკუმენტს უკვე შეარქვა „როტენბერგის კანონი“. კანონის პროექტი სახელმწიფო დუმაში შევიდა იმ დღეს, როცა იტალიის ფინანსურმა პოლიციამ დააყადაღა ვლადიმირ პუტინის ახლო მეგობრის, ბიზნესმენ არკადი როტენბერგის აქტივები. როტენბერგი ევროკავშირის მიერ შედგენილ სანქციადაწესებულ პირთა გაფართოებულ სიაში იყო შეყვანილი. პარტია „იაბლოკო“ სახელმწიფო დუმის შენობის წინ აპირებს პიკეტის მოწყობას ე.წ. „როტენბერგის კანონის“ მიღების წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG