Accessibility links

ალექსი პეტრიაშვილი ბრიუსელში შეხვდა ევროკავშირის წარმომადგენლებს


ევროპარლამენტი მხარს უჭერს, რომ ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შეთანხმების რატიფიკაცია წლის ბოლომდე, უფრო ზუსტად კი, დეკემბრის დასაწყისში განხორციელდეს - განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა ევროპარლამენტსა და ევროკომისიაში გამართული შეხვედრების შემდეგ. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, ალექსი პეტრიაშვილი ბრიუსელში შეხვდა ევროკომისარს რეგიონული პოლიტიკის საკითხებში იოჰანეს ჰანს, რომელიც ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის თანამდებობაზეა წარდგენილი. ევროპარლამენტში კი ალექსი პეტრიაშვილს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენელმა ელმარ ბროკმა უმასპინძლა. 2015 წელს დაგეგმილი „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტისადმი არსებულ მოლოდინზე საუბრისას ალექსი პეტრიაშვილმა აღნიშნა, რომ რეგიონში შექმნილი ვითარებისა და „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ მონაწილე ქვეყნების წინაშე არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა. „საქართველოს მიერ დასმულ ისეთ საკითხებში, როგორიცაა სავიზო ლიბერალიზაცია, დახმარების პროგრამები და საქართველოში ევროკავშირის კიდევ უფრო გააქტიურება, ქვეყანას აქვს ძალიან მტკიცე და პრინციპული მხარდაჭერა“ - განაცხადა ბრიუსელში შეხვედრების შემდეგ ალექსი პეტრიაშვილმა. მისივე თქმით, ევროსტრუქტურების ხელმძღვანელებთან შეხვედრებისას საუბარი იყო უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე, რეგიონულ უსაფრთხოებასა და საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე.

XS
SM
MD
LG