Accessibility links

logo-print

თურქეთი არ აპირებს სირიაში სახმელეთო ოპერაციის დაწყებას


თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, თურქეთი არ აპირებს, დამოუკიდებლად განახორციელოს სახმელეთო ოპერაცია სირიაში ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ, რადგან ეს არ მიაჩნია „რეალისტურ მიდგომად“. ჩავუშოღლუმ ამ შინაარსის განცხადება გააკეთა დღეს ანკარაში, ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. „რეალისტური არ არის იმის მოლოდინი, რომ თურქეთი მარტო განახორციელებს სახმელეთო ოპერაციას. ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. როგორც კი იქნება ერთობლივი გადაწყვეტილება, თურქეთი უკან არ დაიხევს თავისი როლის შესრულებაზე“, განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ნატო და შეერთებული შტატები თურქეთს მოუწოდებენ, უფრო აქტიურად ჩაერთოს სირიასა და ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩავუშოღლუს განმარტებით, თურქეთი ემხრობა აშშ-ის ხელმძღვანელობით მიმდინარე საჰაერო ოპერაციებს ექსტრემისტების წინააღმდეგ სირიის ქალაქ კობანისთან. მაგრამ, ასევე თურქი მინისტრის თქმით, მარტო საჰაერო იერშები ვერ დაამარცხებს ექსტრემისტებს და საჭიროა ყველა საშუალების განხილვა, სახმელეთო ოპერაციების ჩათვლით.

XS
SM
MD
LG