Accessibility links

დონეცკელ სეპარატისტთა მტკიცებით, დაბომბვას სამი სამოქალაქო პირი ემსხვერპლა


პრორუსული სეპარატისტები, რომლებიც უკრაინის ქალაქ დონეცკში არიან გამაგრებული, აცხადებენ, რომ საარტილერიო დაბომბვის შედეგად ქალაქში სამი სამოქალაქო პირი მოკლეს. ქალაქის მერიის 11 ოქტომბრის ცნობით, 10 ოქტომბერს, "სამხედრო მოქმედების" შედეგად სამი პირი მოკლეს და ოთხი დაშავდა. ცნობით, დაბომბვა გრძელდებოდა ქალაქის კუიბიშევის რაიონში, სადაც არაერთი საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. ეს ცნობები გავრცელდა მას მერე, რაც თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდერ ზახარჩენკომ თქვა, რომ "მშვიდი პერიოდი" დონეცკში 11 ოქტომბერს დადგება, როცა მხარეები მძიმე არტილერიის გაყვანას დაიწყებენო. დონეცკში ბრძოლები მიმდინარეობდა მთავრობის ხელში მყოფი აეროპორტისთვის, მაგრამ მეზობელ საცხოვრებელ არეალებსაც წვდებოდა ჭურვები. გაეროს თანახმად, 5 სექტემბერს ზავის დადების შემდეგ რეგიონში სამასზე მეტი ადამიანი მოკლეს.

XS
SM
MD
LG