Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის საპრეზიდენტო უფლებადამცველი საბჭოს ხელმძღვანელი ეწინააღმდეგება „მემორიალის“ დახურვას


რუსეთის საპრეზიდენტო უფლებადამცველი საბჭოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ვერ ხედავს მიზეზს, რატომ უნდა დაიხუროს დამოუკიდებელი უფლებადამცველი ორგანიზაცია „მემორიალი“. მიხაილ ფედოტოვმა სააგენტო „ინტერფაქსს“ 13 ოქტომბერს უთხრა, რომ საამისო „საფუძველი“ არ არსებობს. „მემორიალის“ დახურვის თხოვნით რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ 10 ოქტომბერს მიმართა უზენაეს სასამართლოს, თუმცა მიზეზები საჯაროდ არ გამოცხადებულა. ფედოტოვის აზრით, „მემორიალის“ საქმეზე უზენაეს სასამართლოში 13 ნოემბერს დანიშნული სხდომა უნდა გადაიდოს, რათა ორგანიზაციას საშუალება მიეცეს 19 ნოემბერს ჩაატაროს კონფერენცია თავისი სტრუქტურის ცვლილებების თაობაზე. ფედოტოვის განცხადებით, ცვლილებები, რომელთა გატარებასაც გეგმავს „მემორიალი“, უპასუხებს იუსტიციის სამინისტროს შეშფოთებას. „მემორიალი“ შეიქმნა გვიანდელ 1980-იან წლებში, საბჭოთა პერიოდის დისიდენტების, მათ შორის ნობელის პრემიის ლაურეატის, ანდრეი სახაროვის მიერ. მას შემდეგ „მემორიალი“ აქტიურად მუშაობს უფლებადამცველის რანგში და ისტორიკოსებისთვის წარმოადგენს საბჭოთა კავშირთან დაკავშირებული მონაცემების მნიშვნელოვან წყაროს.

XS
SM
MD
LG