Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოხუმის პარლამენტის სპიკერი რუსეთთან ხელშეკრულების პროექტში სუვერენიტეტის დაკარგვის საფრთხეს ხედავს


აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარის, ვალერი ბგანბას აზრით, რუსეთსა და აფხაზეთს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების პროექტი „ძალიან ბევრ შეკითხვას“ ბადებს, რადგან „ბევრ ადგილას საუბარი ეხება სუვერენიტეტის დაკარგვას“. ამიტომ, ბგანბას თქმით, არ შეიძლებოდა, პროექტზე აფხაზი დეპუტატების რეაქცია დადებითი ყოფილიყო, მათი „პოლიტიკური ორიენტაციისაგან დამოუკიდებლობად“. ვალერი ბგანბამ ეს შეფასებები გამოთქვა სოხუმში რადიო თავისუფლების კორესპონდენტთან საუბრისას. რუსეთსა და აფხაზეთს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების პროექტი, რომელიც მოსკოვის მიერ არის მომზადებული, 13 ოქტომბერს წარუდგინეს დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტს. ვალერი ბგანბას, მისივე თქმით, სავსებით მისაღებად მიაჩნია რუსეთთან უკვე არსებული, 2008 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულება, რომელიც თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებსაც ეხება. „ჩვენ ყველას გვესმის, რომ რუსეთთან ინტეგრაცია აუცილებელია, გვესმის, რომ ის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. მაგრამ ამავდროულად, ეს არ ნიშნავს, რომ ამის გამო სუვერენიტეტი უნდა დავკარგოთ“, უთხრა ვალერი ბგანბამ ჩვენს კორესპონდენტს. შეკითხვას, პროექტის რომელი დებულებები იწვევს ყველაზე უარყოფით რეაქციას აფხაზ პარლამენტარებში, დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა, რომ, მაგალითად, ნათელი არ არის, შეინარჩუნებს თუ არა აფხაზეთი თავდაცვის სამინისტროს თავისი სტრუქტურებით. პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, შეკითხვებს აჩენს განათლების სტანდარტების განსაზღვრაც, რადგან გაურკვეველია, როგორ დაეხმარება რუსეთი სოხუმს აფხაზური ენის შესწავლის სტანდარტების დადგენაში.

XS
SM
MD
LG