Accessibility links

logo-print

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საფრთხეს ხედავს მოსკოვის მიერ მომზადებული ხელშეკრულების პროექტში


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის პრინციპების უხეშად დარღვევის და ვალდებულებათა უგულებელყოფის გაგრძელებად შეაფასა მოსკოვის მიერ მომზადებული ხელშეკრულების პროექტი რუსეთისა და აფხაზეთის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ. „ე.წ. ხელშეკრულების ხელმოწერა და მისი რეალიზაცია სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესს და მნიშვნელოვნად დააზარალებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს, რომლებსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება“ - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში. სამინისტრო აღნიშნავს, რომ მიუღებელია ე.წ. ხელშეკრულების პროექტის პრეამბულაში ორი ქვეყნის ხალხის სახელით საუბარი, რადგან საყოველთაოდ ცნობილია, რომ აფხაზეთის მოსახლეობის უმრავლესობა ძალისმიერი მეთოდებით, მათ შორის ეთნიკური წმენდის შედეგადაა განდევნილი. „სამწუხაროდ, ამ ე.წ. ხელშეკრულების რეალიზაციის შემთხვევაში ადგილზე დარჩენილი მოსახლეობის თვითმყოფადობასაც სერიოზული საფრთხე დაემუქრება" - ნათქვამია განცხადებაში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ რუსეთის ხელისუფლება თავს შეიკავებს ამ ე.წ. ხელშეკრულების გაფორმებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მისი მოქმედება შეფასდება აფხაზეთის ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯად, შესაბამისი საერთაშორისო სამართლებრივი შედეგებით. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს რუსეთის განზრახვას, რომლის განხორციელება თვისებრივად შეცვლის ვითარებას რეგიონში და დამატებით პრობლემებს შეუქმნის ევროპულ უსაფრთხოებას. რუსეთისა და აფხაზეთის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის ხელშეკრულების პროექტი, რომელიც მოსკოვმა მოამზადა, დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ადგილობრივ პარლამენტს 13 ოქტომბერს წარუდგინა. ხელშეკრულების პროექტის რამდენიმე მუხლი მთლიანად ეთმობა სამხედრო სფეროში რუსეთის და ოკუპირებული აფხაზეთის თანამშრომლობას. პროექტის თანახმად, ხელშეკრულების ერთ მონაწილეზე უცხო ქვეყნის ან ქვეყნების აგრესია და შეიარაღებული თავდასხმა მეორე მონაწილეზე აგრესიად და თავდასხმად განიხილება და სამხედრო ძალით ურთიერთდახმარებას ითვალისწინებს. ამავე პროექტით, ხელშეკრულების ამოქმედებიდან არაუგვიანეს ერთი წლისა, მხარეებმა აგრესიის მოსაგერიებლად უნდა შექმნან რუსეთის და აფხაზეთის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფება.

XS
SM
MD
LG