Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელგრადში ვიზიტის წინ პუტინი სერბიას აქებს და აშშ-ს აკრიტიკებს


რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა შეაქო მოსკოვის „სერბი მეგობრები“ და მკაცრად გააკრიტიკა დასავლეთი განცხადებებში, რომლებიც ბელგრადში მის ოფიციალურ ვიზიტამდე გამოქვეყნდა. პუტინმა გააკრიტიკა რუსეთისთვის აშშ-ის და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები, მოსკოვის მიერ უკრაინაში გადადგმული ნაბიჯების გამო. სერბიაში გამომავალ გაზეთ „პოლიტიკას“ პუტინმა უთხრა, რუსეთის იზოლირება „აბსურდული, ილუზორული მიზანი იყო“ და ამ მცდელობას შეუძლია სერიოზული ზიანი მიაყენოს ევროპის ეკონომიკასო. რუსეთის ბირთვულ ძალაუფლებაზე მინიშნებით პუტინმა განაცხადა, „იმედი გვაქვს ჩვენი პარტნიორები გაიაზრებენ რუსეთისთვის შანტაჟის მოწყობის მცდელობის უშედეგობას და იმ შედეგებს, რისი მოტანაც სტრატეგიული სტაბილურობისთვის შეუძლია უთანხმოებას მნიშვნელოვანი ბირთვული ძალაუფლების მქონე ქვეყნებს შორისო.“ პუტინი ბელგრადში უნდა დაესწროს სამხედრო აღლუმს, რომლითაც აღნიშნავენ 1944 წელს ნაცისტებისგან გათავისუფლებას. სერბიამ დღესასწაულის აღნიშვნა ოთხი დღით გადადო პუტინის განრიგის გათვალისწინებით. „სამოცდაათი წლის წინ ჩვენმა ხალხებმა ერთობლივად დაამარცხეს მიზანთროპიის დანაშაულებრივი იდეოლოგია, რომელიც ცივილიზაციას ემუქრებოდაო“ - განაცხადა პუტინმა. აშშ-ის მიმართ მინიშნების სახით მან დასძინა - „მნიშვნელოვანია დღეს სხვადასხვა ქვეყნის, თუ კონტინენტის ხალხებს ესმოდეთ რა საშინელი შედეგები შეიძლება მოჰყვეს საკუთარი განსაკუთრებულობის დაჯერებასო.“

XS
SM
MD
LG