Accessibility links

logo-print

პუტინი სახელმწიფო ვიზიტით ბელგრადში იმყოფება


რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ბელგრადში იმყოფება სახელმწიფო ვიზიტით, რომლის პროგრამა მოიცავს ოფიციალურ პირებთან შეხვედრებს და სამხედრო აღლუმზე დასწრებას. პუტინი საპატიო სტუმარია სერბიაში დაახლოებით 30 წლის განმავლობაში პირველად დანიშნულ აღლუმზე, რომლითაც 1944 წელს ნაცისტებისგან გათავისუფლება უნდა იზეიმონ. დღესასწაულის აღნიშვნა სერბიამ ოთხი დღით გადადო, პუტინის განრიგის გათვალისწინებით. პუტინის ვიზიტი წარმოაჩენს სერბიის კომპლექსურ ბალანსს ერთი მხრივ ევროკავშირს, სადაც სერბიას გაწევრიანება სურს, მეორე მხრივ კი რუსეთს შორის, რომელთანაც მას ისტორიული თუ რელიგიური ურთიერთობა და ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ინტერესები აკავშირებს. ბელგრადში ვიზიტამდე გამოქვეყნებულ განცხადებებში პუტინმა შეაქო მოსკოვის „სერბი მეგობრები“ და მკაცრად გააკრიტიკა დასავლეთი. კერძოდ, პუტინმა გააკრიტიკა რუსეთისთვის აშშ-ის და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები, მოსკოვის მიერ უკრაინაში გადადგმული ნაბიჯების გამო. სერბიაში გამომავალ გაზეთ „პოლიტიკას“ პუტინმა უთხრა, რუსეთის იზოლირება „აბსურდული, ილუზორული მიზანი იყო“ და ამ მცდელობას შეუძლია სერიოზული ზიანი მიაყენოს ევროპის ეკონომიკასო. რუსეთის ბირთვულ ძალაუფლებაზე მინიშნებით პუტინმა განაცხადა, „იმედი გვაქვს ჩვენი პარტნიორები გაიაზრებენ რუსეთისთვის შანტაჟის მოწყობის მცდელობის უშედეგობას და იმ შედეგებს, რისი მოტანაც სტრატეგიული სტაბილურობისთვის შეუძლია უთანხმოებას მნიშვნელოვანი ბირთვული ძალაუფლების მქონე ქვეყნებს შორისო.“

XS
SM
MD
LG