Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი: სერბიას მხარს დავუჭერთ კოსოვოს საკითხში


რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა სერბიას კვლავაც დაუჭერს მხარს კოსოვოს საკითხთან მიმართებით. ეს განცხადება პუტინმა გააკეთა ბელგრადში ვიზიტის დროს. ბელგრადს პუტინი 16 ოქტომბერს ეწვია სახელმწიფო ვიზიტით, რომლის პროგრამა მოიცავს ოფიციალურ პირებთან შეხვედრებს და სამხედრო აღლუმზე დასწრებას. პუტინი საპატიო სტუმარია სერბიაში დაახლოებით 30 წლის განმავლობაში პირველად დანიშნულ აღლუმზე, რომლითაც 1944 წელს ნაცისტებისგან გათავისუფლებას ზეიმობენ. დღესასწაულის აღნიშვნა სერბიამ ოთხი დღით გადადო, პუტინის განრიგის გათვალისწინებით. პუტინის ვიზიტი წარმოაჩენს სერბიის კომპლექსურ ბალანსს ერთი მხრივ ევროკავშირს, სადაც სერბიას გაწევრიანება სურს, მეორე მხრივ კი რუსეთს შორის, რომელთანაც მას ისტორიული თუ რელიგიური ურთიერთობა და ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ინტერესები აკავშირებს. რუსეთმა გააკრიტიკა ნატოს მიერ იუგოსლავიის დაბომბვა 1999 წელს და მხარი დაუჭირა ბელგრადის წინააღმდეგობას ძირითადად ალბანელებით დასახლებული კოსოვოს დამოუკიდებლობის საკითხზე - რითაც კოსოვოს წინაღობა შეუქმნა გაეროში მანდატის მოპოვების პროცესში. პუტინმა სერბიის პრეზიდენტს, ტომისლავ ნიკოლიჩს აღუთქვა, რომ რუსეთი მტკიცედ იდგება კოსოვოს საკითხთან მიმართებით, ვინაიდან ეს „პრინციპული საკითხია და გადახედვას არ ექვემდებარება.“

XS
SM
MD
LG