Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აბაშიძე: კარასინთან შეხვედრაზე იყო „რადიკალური განსხვავება შეფასებებსა და ხედვებში“


რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გრიგორი კარასინთან შეხვედრაზე იყო „რადიკალური განსხვავება შეფასებებსა და ხედვებში“ რუსეთის მიერ სოხუმისათვის მომზადებული ხელშეკრულების პროექტთან მიმართებით. ეს განცხადება აბაშიძემ გააკეთა კარასინთან 16 ოქტომბერს პრაღაში შეხვედრის შემდეგ, რადიო თავისუფლების კორესპონდენტთან საუბრისას: „(შეხვედრას) ასე შევაფასებდი, როგორც ყველა ჩვენი შეხვედრიდან - რვა შეხვედრა ჩატარდა უკვე, ამ შეხვედრის ჩათვლით - როგორც ყველაზე რთულს. და ყველაზე მწვავე საკითხი იყო, რა თქმა უნდა, ახალი ხელშეკრულების პროექტი, რომელიც გამოქვეყნდა - მოსკოვსა და სოხუმს შორის ახალი ურთიერთობების შესახებ“. აბაშიძის თქმით, მან აუხსნა გრიგორი კარასინს, რომ თუკი ეს ხელშეკრულება გაფორმდება, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ ეს შეფასდება, როგორც აფხაზეთის ანექსიის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი. აბაშიძემ უპასუხა შეკითხვასაც, რომელიც ეხებოდა მის ნაკლებად დიპლომატიურ შეფასებას საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძის განცხადებასთან დაკავშირებით. ჯაფარიძემ, კერძოდ, ეჭვქვეშ დააყენა აბაშიძის პრაღაში კარასინთან შესახვედრად გამგზავრების მართებულობა. ზურაბ აბაშიძის განმარტებით, მან ჯაფარიძის განცხადება მოისმინა, როცა პრაღაში გასაფრენად უკვე მიემგზავრებოდა თბილისის აეროპორტში და იფიქრა, რომ სანამ ტელევიზიით ასეთი განცხადება გაკეთდებოდა, ჯობდა ჯაფარიძეს, როგორც მის კოლეგასა და მეგობარს, წინასწარ ტელეფონით შეეტყობინებინა ამის შესახებ. „ვცდილობ, საერთოდ, თავშეკავებული ადამიანი ვიყო. ამ შემთხვევაში, რაღაც, ეტყობა ემოციები ვერ მოვთოკე“, განაცხადა ზურაბ აბაშიძემ და გამოთქვა რწმენა, რომ ის და თედო ჯაფარიძე მეგობრებად დარჩებიან.

XS
SM
MD
LG