Accessibility links

ზალკალიანი და აბაშიძე დღეს შეხვდებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს


რუსეთის და ოკუპირებული აფხაზეთის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის ხელშეკრულების პროექტის შესახებ ინფორმირების მიზნით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე დღეს შეხვდებიან ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს. ამავე საკითხზე კვირის განმავლობაში რამდენიმე შეხვედრას გამართავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე. ის დღეს მიემგზავრება ლუქსემბურგში, სადაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრებისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება საფრთხეებზე, რომლებსაც რუსეთისა და საოკუპაციო რეჟიმის მოკავშირეობის და ინტეგრაციის ხელშეკრულების პროექტი შეიცავს. ლუქსემბურგში ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან მაია ფანჯიკიძის შეხვედრისას განიხილება ევროკავშირთან შემდგომი თანამშრომლობის პრიორიტეტები და პერსპექტივები და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხები. ლუქსემბურგში ვიზიტის დასრულების შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ბერლინს ეწვევა.

XS
SM
MD
LG