Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაკავებულია პრემიერ-მინისტრის სახლთან გამართული აქციის რამდენიმე მონაწილე


საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის საცხოვრებელ სახლთან გასულ საღამოს გამართული საპროტესტო აქციისას მომხდარი ინციდენტების გამო პოლიციამ ხუთი პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, ერთი კი სისხლის სამართლის კოდექსის საფუძველზე დააკავა. შსს-ს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბაჩანა ახალაიას მხარდამჭერების და არასამთავრობო ორგანიზაცია "თავისუფალი ზონის" წევრების აქციისას დაირღვა შეკრებისა და მანიფესტაციების კანონის მე-5 მუხლი, რომლის თანახმად ტრანსპორტის სავალ გზაზე მოძრაობის შეფერხება დაუშვებელია. სამინისტროს განცხადებითვე, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აქციის მონაწილეებს მათ მიერ არაერთხელ გადაკეტილი სავალი გზის გახსნისა და კანონის დაცვისკენ მოუწოდეს, რასაც არ დაემორჩილნენ, აგრესიულად განეწყვნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ როგორც პოლიციელებს, ასევე გამვლელ პირებს. შსს-ს ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა წინააღმდეგობა გაუწიეს პოლიციელებს, რომლებმაც წვრილმანი ხულიგნობის და კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დააკავეს ხუთი პირი. მათ შორისაა ტელეარხ "ტაბულის" ჟურნალისტი ალექსანდრე გიორგაძე, რომელმაც შსს-ს ინფორმაციით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლის მიზნით საპატრულო პოლიციის თანამშრომელს რადიოგადამცემი ამოაცალა. წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დაკავებულია ადვოკატი რომეო საჯაიაც. შსს-ს ცნობითვე, სისხლის სამართლის კოდექსითაა აღძრული საქმე აქციის მონაწილე ლევან კვარაცხელიას მიმართ. მას ბრალად ედება პოლიციელისთვის წინააღმდეგობის ძალადობით გაწევა. თავის მხრივ, აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პროვოკაცია პოლიციის მიერ იყო ორგანიზებული.

XS
SM
MD
LG