Accessibility links

logo-print

გიორგი მარგველაშვილი ტოკიოში შეხვდა იაპონიის ბიზნესწრეების წარმომადგენლებს


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ტოკიოში შეხვდა იაპონიის ბიზნესთანამშრომლობის ორგანიზაცია Rotobo-ს პრეზიდენტს ტაკაში ნიშიოკას და 15 მსხვილი კომპანიის წარმომადგენლებს. შეხვედრისას გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ბიზნესზე ორიენტირებული მთავრობა ჰყავს, ეკონომიკური განვითარება კი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სტრატეგიული მიზანია. პრეზიდენტი იაპონელ ბიზნესმენებს ესაუბრა საქართველოში ბიზნესის წარმოებისთვის არსებულ ლიბერალურ გარემოზე და აღნიშნა, რომ ამ კუთხით ქვეყანა ერთ-ერთი ლიდერია. "ჩვენ არა მხოლოდ მივესალმებით უცხოურ ბიზნესს საქართველოში, არამედ ვცდილობთ მისთვის სრულყოფილად განვავითაროთ კანონმდებლობა, პროცედურები და ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. მან აღნიშნა, რომ საქართველოს მიზანია რკინიგზის და საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება და სასიხარულოა, რომ ამ პროექტებით დაინტერესებული არიან იაპონელი ბიზნესმენებიც. პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იაპონიის ბიზნესწრეების წარმომადგენლებს ესაუბრა ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასა და შავი ზღვის აუზის ქვეყნებთან სავაჭრო კავშირებზე. „ვფიქრობ, საქართველო ხდება ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო საინვესტიციო ქვეყანა, რადგან ჩვენ ბიზნესმენებს ვაწვდით შთამბეჭდავ, ღია ბაზარს“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. მან იაპონელ ბიზნესმენებს გააცნო საქართველოს სატრანსპორტო და ჰიდროპოტენციალი, ტურიზმის და სოფლის მეურნეობის სფეროებში არსებული შესაძლებლობები და აღნიშნა, რომ ქვეყანა მზად არის ეს მიმართულებები პარტნიორებთან ერთად განავითაროს.

XS
SM
MD
LG