Accessibility links

logo-print

თბილისში გაიმართა ფილიპ ბრიდლავისა და ირაკლი ალასანიას შეხვედრა


ნატოს გაერთიანებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი და აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაური, გენერალი ფილიპ ბრიდლავი დღეს თბილისში შეხვდა საქართველოს თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიას. შეხვედრის შემდეგ მათ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. ირაკლი ალასანიას განცხადებით, გენერალმა ფილიპ ბრიდლავმა საქართველოს ჩამოუტანა მთავარი გზავნილი იმის შესახებ, რომ ნატო ქვეყნის გვერდით დგას და თავდაცვის გაძლიერებასა და ალიანსში გაწევრიანებაში დაეხმარება. ირაკლი ალასანიას ინფორმაციით, დღევანდელი შეხვედრისას განიხილეს ნატოს უელსის სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებული პაკეტის შესრულების დეტალები. თავდაცვის მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში დროულად ჩამოყალიბდეს ნატოსთან ერთობლივი საწვრთნელი და შეფასების ცენტრი და დაიგეგმოს რეგულარული სამხედრო წვრთნები. ირაკლი ალასანიას ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და შეიარაღებული ძალების დელეგაციამ ბრიუსელში ნატოს წარმომადგენლებთან უკვე შეათანხმა უელსის სამიტზე მიღებული პაკეტის შესრულების გეგმა, რომელსაც დეკემბერში განიხილავენ ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, თებერვალში კი გეგმა საბოლოო სახით დამტკიცდება თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე. ირაკლი ალასანიას განცხადებით, ერთობლივი ცენტრის შექმნის, წვრთნების და ნატოში საქართველოს გაწევრიანების გეგმები მიზნად ისახავს მხოლოდ რეგიონული უსაფრთხოების განმტკიცებას და არავის წინააღმდეგ მიმართული არ არის. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ნატოს გაერთიანებული ძალების უმაღლეს მთავარსარდალ ფილიპ ბრიდლავთან დღევანდელი შეხვედრისას განიხილეს საფრთხეებიც, რომლებსაც უკრაინაში, ერაყსა და სირიაში შექმნილი ვითარება განაპირობებს. „ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ განაგრძობენ ნატო და საქართველო ამ საფრთხეებთან ერთობლივი ძალისხმევით გამკლავებას და ასევე იმაზე, რომ საქართველო მომავალ წელს ნატოსთან ერთად გააგრძელებს ავღანეთში უსაფრთხოების მისიას“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

XS
SM
MD
LG