Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფილიპ ბრიდლავი: ნატო აცნობიერებს საფრთხეებს და მიმართავს კონკრეტულ ზომებს


ქართველებმა ყველაზე კარგად იციან, რა რთული პერიოდის წინაშეა ევროპა, რადგან რუსეთი კვლავ შეიჭრა სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე, მოახდინა მისი ნაწილის ანექსია და თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის სამხედრო ძალა გამოიყენა - განაცხადა თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე ნატოს გაერთიანებული ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა, გენერალმა ფილიპ ბრიდლავმა. მისი თქმით, ნატო აცნობიერებს საფრთხეებს და მიმართავს კონკრეტულ ზომებს, რათა ალიანსის ქვეყნებმა სწრაფად რეაგირება შეძლონ. გენერალ ბრიდლავის ინფორმაციით, ამ საკითხეებზე რამდენიმე კვირაში ბრიუსელში იმსჯელებენ ნატოს სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები. ფილირპ ბიდლავმა საკმაოდ მყარი უწოდა საქართველოსა და ნატოს თანამშრომლობას და აღნიშნა, რომ უელსის სამიტზე შემუშავებული პაკეტი საქართველოს დაეხმარება წინ წაიწიოს ნატოში გაწევრიანების გზაზე. „არსებითი პაკეტი ითვალისწინებს თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად თავდაცვის სამინისტროში ჯგუფის ჩამოყალიბებას და ალიანსის მხრიდან საქართველოს დახმარებას, რათა ქვეყანამ განაგრძოს რეფორმები თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის მოდერნიზაციისთვის“ - განაცხადა გენერალმა ბრიდლავმა. მისივე თქმით, ალიანსი საქართველოს შეიარაღებულ ძალებს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაში დაეხმარება ნატოს წვრთნებში უფრო აქტიური მონაწილეობის გზითაც. ფილიპ ბრიდლავმა საქართველოს მადლობა გადაუხადა ავღანეთის მისიაში შეტანილი წვლილისთვის და განაცხადა, რომ გლობალური მასშტაბის საფრთხეებზე საუკეთესო პასუხი მსოფლიოს სახელმწიფოთა ერთობლივი რეაგირებაა.

XS
SM
MD
LG