Accessibility links

ახალციხის სასამართლო დღეს იმსჯელებს მოხეში დაკავებული 14 პირის საქმეზე


ახალციხის სასამართლომ დღეს უნდა იმსჯელოს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში გასულ საღამოს დაკავებული 14 პირის საქმეზე. სოფლის მუსლიმი მოსახლეობა ყოფილი კულტურის სახლის შენობაში მეჩეთის გახსნას მოითხოვს, რეგიონულმა ხელისუფლებამ კი შენობის რეკონსტრუქცია ბიბლიოთეკისთვის დაიწყო, რაც ადგილობრივმა მუსლიმებმა გააპროტესტეს. შსს-ს ინფორმაციით, აქციის მონაწილეები სამუშაოებისთვის ხელის შეშლას ცდილობდნენ, ტერიტორიაზე წესრიგის დასაცავად მყოფ პოლიციელებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და მათი ავტომანქანები დააზიანეს. სამინისტროს ცნობითვე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის დაკავებულია 11 პირი, სამის მიმართ კი საქმე აღძრულია პოლიციისთვის ჯგუფური წინააღმდეგობის გაწევისთვის, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია. დაკავებულთა გათავისუფლებას მოითხოვენ ადგილობრივი მუსლიმები, რომლებიც ახალციხის პოლიციასთან შეიკრიბნენ. სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ სოფელ მოხიდან აცნობეს, რომ საჯარო სკოლაში 200 მოსწავლიდან დღეს მხოლოდ 20 მივიდა. მოხის მცხოვრებთა განცხადებით, დაკავებულთა გათავისუფლებამდე სასწავლო პროცესს პროტესტის ნიშნად ჩაშლიან.

XS
SM
MD
LG