Accessibility links

logo-print

NGO-ები ხელისუფლებას: შეაჩერეთ მუსლიმთა რელიგიური დევნა, რომელმაც სისტემური ხასიათი მიიღო


საქართველოში მოქმედი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურა სოფელ მოხეში განვითარებულ პროცესებს და ხელისუფლებას მოუწოდა „შეაჩეროს მუსლიმი თემის რელიგიური დევნა, რომელმაც უკვე სისტემური ხასიათი მიიღო.“ განცხადებას ხელს აწერენ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA), საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), მედიის განვითარების ფონდი (MDF) და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI). ორგანიზაციების შეფასებით, მოხეში განვითარებული პროცესები ავლენს სისტემური ხასიათის პრობლემას, რომელიც უკავშირდება „რელიგიური უმცირესობებისთვის საკულტო-ნაგებობების რესტიტუციის პოლიტიკის არარსებობას“. ორგანიზაციები ხელისუფლებას მოუწოდებენ შეაჩეროს მოხის მეჩეთში „კულტურის ცენტრის მშენებლობის საკითხი, ვიდრე კანონით დადგენილი პროცედურების გამოყენებით, დემოკრატიული და არადისკრიმინაციული გზებით არ განისაზღვრება მეჩეთის სტატუსი და მუსლიმი თემისთვის მისი გადაცემის საკითხი.“ ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში ვკითხულობთ: „აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ყოველთვის თავს იკავებს სამართლებრივი და რეპრესიული მექანიზმების გამოყენებისგან იმ შემთხვევებში, როდესაც დომინანტი რელიგიური ჯგუფის წარმომადგენლები აშკარად ახორციელებენ რელიგიურ დევნას, თუმცა მისი მეთოდები სასტიკი და ძალადობრივია რელიგიური უმცირესობების მიმართ. ცხადია, სახელმწიფოს ამგვარი პოლიტიკა დისკრიმინაციულია.“

XS
SM
MD
LG