Accessibility links

მარგველაშვილი: რუსეთს არ ჰქონდა ორი კვაზისახელმწიფოს შექმნის ლეგიტიმაცია


შესაძლოა, 2008 წელს ხელისუფლების მხრიდან იყო შეცდომები, მაგრამ ეს რუსეთს არ აძლევდა საქართველოს ოკუპაციის და ორი კვაზისახელმწიფოს შექმნის ლეგიტიმაციას - ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა ტოკიოში, სასაკავას მშვიდობის ფონდში გამოსვლისას. ფონდის წარმომადგენლის მიერ დასმული შეკითხვა 2008 წლის აგვისტოს ომის გამო ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო პასუხისმგებლობას შეეხებოდა. „მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ ეს საქართველოს ტერიტორიებია და საქართველო თავის ტერიტორიაზე რუსეთს ომს ვერ გამოუცხადებს“ - აღნიშნა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. მისივე თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაფორმებული სარკოზი-მედვედევის შეთანხმება პრობლემის მოგვარებას ითვალისწინებდა და არა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებას. ამავე გამოსვლისას პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო ნატოს არ განიხილავს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის მოგვარების საშუალებად. გიორგი მარგველაშვილის თქმით, საქართველო ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გადაჭრას აპირებს არა სამხედრო გზით, არამედ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ჩართვით ქვეყანაში მიმდინარე პოზიტიურ პროცესებში. ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება იქნება ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელზეც საქართველოს პრეზიდენტი ისაუბრებს იაპონიის პრემიერ-მინისტრთან დღევანდელი შეხვედრისას. დღესვე გიორგი მარგველაშვილს იაპონიის იმპერატორი აკიჰიტო მიიღებს.

XS
SM
MD
LG