Accessibility links

logo-print

ირაკლი ღარიბაშვილი: მიმდინარე რეფორმები შედეგს აუცილებლად მოიტანს


საქართველოს მთავრობის ორწლიანი საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სოციალურმა მდგომარეობამ, რომელიც საქართველის დღევანდელ ხელისუფლებას დახვდა, "ყველა მოლოდინს გადააჭარბა." მისი ინფორმაციით, ორ მილიონზე მეტი ადამიანი სიღარიბეში ცხოვრობს, ქვეყნის ბევრ სოფელში დღესაც სასმელი წყლის, გაზმომარაგების და გზების პრობლემაა, დღევანდელ მთავრობას კი 28 სოფელი საერთოდ ენერგომომარაგების გარეშე დახვდა. „ყველაზე აღმაშფოთებელი კი ის არის, რომ წინა ხელისუფლებისას, რომელიც თავს აღმშენებლობით იწონებდა, ხალხი უწამლობისა და უექიმობის გამო იღუპებოდა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, საქართველოში დღესაც არსებობს არაერთი სოციალური და სხვა პრობლემები, თუმცა პრემიერის შეფასებით, მიმდინარე რეფორმები შედეგს აუცილებლად მოიტანს და ქვეყანას ფეხზე დააყენებს. ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში პრაქტიკულად ყველა სფეროში მნიშვნელოვანი წინსვლაა. „მესმის, რომ ბევრი რამ არ ჩანს, ტელევიზიით არ აჩვენებენ, არ უხარიათ და მაგიტომ, მაგრამ ხალხი ცვლილებებს საკუთარ თავზე გრძნობს დაწყებული ჯანდაცვით, განათლებით, მეწარმეობის და სოფლის მეურნეობის ხელშეწყობით და დამთავრებული კანონის უზენაესობის დამკვიდრებით“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, როგორც წესი, რეფორმის შედეგი მოსახლეობისთვის სწრაფად ხელშესახები არ ხდება, მოკლევადიან ეფექტზე გათვლილი ცვლილებების ბოლო კი მხოლოდ ჩიხია, ამიტომ მთავრობამ პრაქტიკულად ყველა სფერო რეალური განვითარების გზაზე დააყენა. პრემიერ-მინისტრი ერთ-ერთ მთავარ მონაპოვრად დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას მიიჩნევს. „პირველ რიგში, ეს არის თავისუფალი მედია და თავისუფალი სასამართლო, რადგან მათ გარეშე შეუძლებელია არსებობდეს ძლიერი და დემოკრატიული სახელმწიფო“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

XS
SM
MD
LG