Accessibility links

პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებას გააცნო მთავრობის ორწლიანი საქმიანობის ანგარიში


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას გააცნო მთავრობის ორწლიანი საქმიანობის ანგარიში. მის წარდგენას თბილისში, სასტუმრო „რედისონში“ დაესწრნენ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, ქვეყნის აფხაზი და ოსი მოქალაქეები და მინისტრთა კაბინეტის წევრები. ირაკლი ღარიბაშვილმა საუბარი არჩევნებით დაიწყო და განაცხადა, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში პირველად ჩატარდა ორი რეალურად დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნები - საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ დაიწყო თვითმმართველობის რეფორმაც და ქვეყნის მოქალაქეებს მისცა საშუალება პირდაპირი წესით აერჩიათ 12 ქალაქის მერი და 59 მუნიციპალიტეტის გამგებელი. „ჩვენი პოლიტიკა ხალხს ემსახურება და მთავარი ღირებულება ადამიანი და ქვეყანაა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მან აღნიშნა, რომ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას წინამორბედმა პრაქტიკულად ყველა სფეროში მძიმე ვითარება დაახვედრა. „აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დღეს ჩვენ ვიმკით იმას, რაც სიძულვილის ენას, პირველ რიგში სააკაშვილის გაუაზრებელ ნაბიჯებს და დაუბალანსებელ და ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას მოჰყვა და მისი შედეგია, რომ საქართველოს 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, საქართველო საღი გონებით, წარსულის ანალიზით, თავშეკავებით, კონსტრუქციულობით, მაგრამ პრინციპულობით ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მიუახლოვდეს ქვეყნის გამთლიანების მთავარ ოცნებას. „უნდა შევძლოთ ნდობის აღდგენა, რასაც ჩვენგან ითხოვს 21-ე საუკუნის პოლიტიკა“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. მისივე თქმით, საქართველოს გამთლიანების წინაპირობა დაბალანსებულ საგარეო პოლიტიკასთან ერთად ქვეყნის ეკონომიკის განვითარება და გაძლიერებაა.

XS
SM
MD
LG