Accessibility links

logo-print

უკრაინის არჩევნებში კვლავ ლიდერობს არსენი იაცენიუკის პარტია


უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიაში 28 ოქტომბერს დაიწყო ოქმების ორიგინალების მიღება საოლქო კომისიებიდან. არჩევნების წინასწარი შედეგები, როგორც მოელიან, ცნობილი გახდება არაუგვიანეს ხუთშაბათს, დღის მეორე ნახევრისა. ოფიციალური შედეგები კი ცნობილი იქნება 10 ნოემბრამდე. ამომრჩეველთა ხმების თითქმის 76%-ის დათვლის შემდეგ თითქმის 22%-ით კვლავაც ლიდერობს პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენიუკის „სახალხო ფრონტი“, მას მცირედი სხვაობით მოსდევს „პეტრო პოროშენკოს ბლოკი“ – 21,5%-ზე მეტით. უკრაინის „ვერხოვნა რადაში“ შედიან აგრეთვე ლვოვის მერ ანდრი სადოვის გაერთიანება „სამოპომიხ“ – 11%-ზე მეტით, „ოპოზიციური ბლოკი - დაახლოებით 10%-ით, ოლეგ ლიაშკოს „რადიკალური პარტია“ – 7,4%-ით და იულია ტიმოშენკოს „ბატკივშჩინა“ - თითქმის 5,7%-ით. ერთმანდატიან ოლქში დნეპროპეტროვსკში გაიმარჯვა „მემარჯვენე სექტორის“ ლიდერმა დმიტრი იაროშმა. მან ხმების დაახლოებით 30% მიიღო, რაც პარლამენტში შესვლის საშუალებას აძლევს. ორშაბათს უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ვადამდე შეუწყვიტა უფლებამოსილება ოდესის 140-ე ოლქის საარჩევნო კომისიის 6 წევრს, რომელმაც ხმების დათვლის დროს დატოვა კომისიის შენობა და მიიმალა. ყველა მასალა შემოწმებისთვის პროკურატურას გადაუგზავნეს. 140-ე საარჩევნო ოლქში კენჭს იყრის კანდიდატი დავით ჟვანია. უკრაინის პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკი და პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო უკვე აწარმოებენ კონსულტაციებს პარლამენტში ევროპული, დემოკრატიული კოალიციის შექმნაზე. კოალიციის ბაზაზე ჩამოყალიბდება მინისტრთა ახალი კაბინეტიც. კოალიციაში მონაწილეობისთვის „ბატკივშჩინის“ მზადყოფნაზე განაცხადა დეპუტატობის კანდიდატმა იგორ ჟდანოვმა. 27 ოქტომბერს პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ პირველი კოალიციური მოლაპარაკებები გამართა პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენიუკთან და ლვოვის მერ ანდრი სადოვისთან.

XS
SM
MD
LG