Accessibility links

logo-print

პარიზში გაიმართა საქართველოს და საფრანგეთის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა


პარიზში გაიმართა საქართველოს და საფრანგეთის თავდაცვის მინისტრების ირაკლი ალასანიას და ჟან-ივ ლე დრიანის შეხვედრა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრისას მინისტრებმა განიხილეს სამხედრო სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობის გაღრმავების და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა და უელსის სამიტის შედეგები. სამინისტროს ცნობითვე, ჟან-ივ ლე დრიანმა კიდევ ერთხელ გამოხატა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების პროცესში საქართველოსადმი საფრანგეთის სრული მხარდაჭერა და ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ევროკავშირის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისთვის. შეხვედრის შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრების გაგრძელება, რათა საქართველო-საფრანგეთის ურთიერთობა რეალურად სტრატეგიული დონის გახდეს. „ვისაუბრეთ სამხედრო და სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობაზე, მათ შორის, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად საფრანგეთის მხრიდან გადასადგმელ ნაბიჯებზე და იმაზე, თუ რას გააკეთებს საფრანგეთი ნატოში საქართველოს გაწევრიანებისთვის აუცილებელი სამხედრო თავსებადობის კუთხით“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ. საქართველოს თავდაცვის მინისტრი საფრანგეთის შემდეგ ოფიციალური ვიზიტით გერმანიას ეწვევა.

XS
SM
MD
LG