Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში სანერგე მეურნეობა აღდგება


ზუგდიდის ბოტანიკური ბაღისთვის ძველი იერსახის დაბრუნების მიზნით ახალი პროექტი ამოქმედდა. არასამთავრობო ორგანიზაცია „მერკური“, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდისა და ზუგდიდის მერიის ფინანსური მხარდაჭერით, იწყებს ბაღში წლების წინ არსებული სანერგე მეურნეობის აღდგენას. პროექტის ავტორების განცხადებით, სანერგეში გადაარჩენენ ბაღში არსებულ, განადგურების პირას მისულ იშვიათი ჯიშის მცენარეებს. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილსა და მერიის თანამშრომლებს ინფორმაცია პროექტზე „ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ბიომრავალფეროვნების აღდგენა“ ბაღის შუაგულში ამჟამად დამშრალ ხელოვნურ ტბასთან მიეწოდა.

„ახლა სანერგე ტყე-ბარდშია და გვინდა ძველი მეცნიერ-თანამშრომლების დახმარებით მისი აღდგენა. გვინდა გადავარჩინოთ უნიკალური ენდემური და ეგზოტიკური ჯიშის მცენარეები. გარდა ამისა, გვინდა ბაღის გადარჩენის საქმეში ჩავრთოთ საზოგადოება. ამისთვის ჩვენ ვგეგმავთ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის გადარჩენის ფონდის შექმნას, სადაც ყველა ზუგდიდელს შეეძლება საკუთარი წვლილი შეიტანოს ბაღის გადარჩენის საქმეში“, - აცხადებს პროექტში ჩართული ნანა თოდუა. მისი თქმით, სამუშაოებს განახორციელებენ ბაღის ძველი თანამშრომლების დახმარებით, რომლებსაც აქვთ ამ საქმეში 18-20-წლიანი გამოცდილება. ერთ-ერთი ასეთი თანამშრომელი იქნება პროფესორი ლარისა თირქია. მისი ცნობით, ბაღში უკვე განადგურდა იშვიათი ჯიშის მცენარეთა ნაწილი და გახმობა ემუქრება წითელ წიგნში შეტანილ რამდენიმე მცენარეს:

„იშვიათი ჯიშია უთხოვარი, რომელიც გახმობის პირასაა მისული, და ასევე ამერიკული სექვოია. ის ერთადერთი ძირია ჩვენს ბოტანიკურ ბაღში, თავისი სიმაღლითა და ხნოვანების მიხედვით. ისიც გახმობის პირასაა მისული და მისი გადარჩენა არ შეიძლება. ის 1840 წელს შემოტანილი მცენარეა, მაგრამ ჩვენ მიერ გამოყვანილი იქნა ექვსი ძირი სექვოია, რომლითაც შეგვიძლია ჩვენ ამ კულტივარის გადარჩენა“.

პროფესორის თქმით, გარდა კულტურული და ისტორიული ღირებულებისა, ბაღს ქალაქისთვის აქვს სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი, ფუნქცია. ლარისა თირქიას სიტყვებით, ბაღი ყოველდღიურად შთანთქავს 275 ტონა ნახშირორჟანგს, მისგან გამოყოფილი სიცოცხლისთვის საჭირო წყარო კი აკმაყოფილებს 375 ათას მოქალაქეს.

როგორც პროექტის ხელმძღვანელები ამბობენ, ბაღში ქალაქის მერია უკვე ასრულებს წყლის მიწოდების აღდგენით სამუშაოებს, რაც პირველ ეტაპზე აუცილებელი იყო სანერგე მეურნეობისთვის. მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ეკატერინე თოდუას განცხადებით, უახლოეს მომავალში აღდგება ხელოვნური ტბაც:

„ყოველდღიურად გამოიყოფა გარკვეული რაოდენობის მუშახელი, რომელიც მოუვლის და დაასუფთავებს ამ ტერიტორიას. მომავალში დაგეგმილია ბოტანიკური ბაღის სრული რეაბილიტაცია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკება მთავრობასთან. უნდა შემუშავდეს პროექტი და გამოიყოს თანხა“.

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში სანერგე მეურნეობა ერთი წლის განმავლობაში უნდა აღდგეს. სამუშაოებისთვის 50 ათასი აშშ დოლარია გათვლილი, რომელსაც გაეროს განვითარების ფონდი გამოყოფს.

XS
SM
MD
LG