Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში გაიხსნა ორდღიანი საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი


თბილისში გაიხსნა ორდღიანი საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი, რომლის ინიციატორები არიან საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო და აზიის განვითარების ბანკი. ფორუმის მიზანია, აზიის ქვეყნების ბიზნესის და პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებისთვის საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის გაცნობა, გამოცდილების გაზიარება და ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობა. ფორუმში მონაწილეობენ იაპონიის, ჩინეთის, სამხრეთ კორეის, ინდოეთის, მალაიზიის, თურქეთის, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის, აშშ-ის და ევროპის ქვეყნების წარმომადგენლები. ფორუმის მონაწილეებისადმი მიმართვისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში ინვესტიციების დაბანდებით დიდ სარგებელს მიიღებენ. პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა ინიციატივა, რომ მომავალ წელს "აბრეშუმის გზის ფორუმი" შეიქმნას. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო, რომელსაც ევროპას, აზიასა და ახლო აღმოსავლეთს შორის სტრატეგიულად ხელსაყრელი მდებარეობა აქვს, კონცენტრირებულია რეგიონული ცენტრის როლის განმტკიცებაზე და კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს როგორც უშუალო, ისე ახლო მეზობლებთან ურთიერთობების გასაღრმავებლად. „მართალია, რუსეთთან ურთიერთობაში ვდგავართ, მეტი რომ არაფერი ვთქვათ, გარკვეული გამოწვევების წინაშე, მაგრამ მაინც მივაღწიეთ ერთგვარ წარმატებას დაძაბულობის დეესკალაციის და ვაჭრობის განახლების კუთხით“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, საქართველოს წინსვლის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციაა. „ჩვენი ურყევი გადაწყვეტილება, კიდევ უფრო დავუახლოვდეთ აშშ-სა და ევროპას, თანხვედრაშია ჩვენს მიზანთან, გავაგრძელოთ ეკონომიკური და დემოკრატიული ტრანსფორმაციის პროცესი", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. მან ისაუბრა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის შესახებაც, რომელიც პრემიერის წინასწარი პროგნოზით, საქართველოს ექსპორტის მოცულობას 12.4%-ით, ხოლო იმპორტს - 7.5%-ით გაზრდის. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებითვე, დღითიდღე იზრდება ეკონომიკური ურთიერთობები საქართველოს მთავარ მოკავშირე აშშ-თანაც.

XS
SM
MD
LG