Accessibility links

logo-print

ნატომ ევროპის საზღვრებთან დააფიქსირა რუსეთის სამხედრო თვითმფრინავების მანევრები


ნატომ 29 ოქტომბერს განაცხადა, რომ მან დააფიქსირა რუსეთის სამხედრო თვითმფრინავების ოთხი ჯგუფი, რომელიც „მნიშვნელოვან სამხედრო მანევრს“ ატარებდა საერთაშორისო საჰაერო სივრცეში, ევროკავშირის საზღვრებთან ახლოს 24 საათის განმავლობაში. ნატომ შეძლო თვითმფრინავებისთვის თვალყური ედევნებინა და ამოეცნო ისინი. ბელგიაში ნატოს სამხედრო შტაბბინის ინფორმაციით: „ეს საკმაოდ დიდი ზომის რუსეთის თვითმფრინავები უჩვეულოდ აქტიურობდნენ ევროპის საჰაერო სივრცეში“. ნატოს განცხადებით, მათ შორის იყო: სტრატეგიული ბომბდამშენები - „ტუ-95“, ავიაგამანადგურებლები და ოთხი ტანკერი თვითმფრინავი - „ილ-78“. რუსეთის სამხედრო თვითმფრინავები ამოიცნეს ბალტიის ზღვის, ჩრდილოეთის ზღვის, ატლანტის ოკეანისა და შავი ზღვის თავზე 28 და 29 ოქტომბერს. რუსეთის ბომბდამშენებმა გადაიფრინეს სამხრეთისკენ - პროტუგალიისა და ესპანეთის დასავლეთით, საერთაშორისო საჰაერო სივრცეში. ნორვეგიის, ბრიტანეთის, პორტუგალიის, გერმანიისა, დანიისა და თურქეთის სამხედრო თვითმფრინავები მათ ამოსაცნობად და გადასატაცად აფრინდნენ. რეაგირების ოპერაციაში მონაწილეობდნენ ნატოს არაწევრი ქვეყნებიც - ფინეთი და შვედეთი.

XS
SM
MD
LG