Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტმა ხელი მოაწერა პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ


საქართველოს პრეზიდენტის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ცნობის თანახმად, გიორგი მარგველაშვილმა ხელი მოაწერა პარლამენტის მიერ მიღებულ და ხელმოსაწერად გადმოგზავნილ კანონს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. მანამდე პარლამენტმა 96 ხმით 1-ის წინააღმდეგ თანაფარდობით დაუჭირა მხარი პრეზიდენტის შეთავაზებას მომავალი წლის 28 თებერვლის ნაცვლად 2014 წლის 1 დეკემბრამდე ჰქონდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს კანონიერი ფარული მიყურადების უფლება. შესაბამისად, პრეზიდენტის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ "სახელმწიფოს მეთაური მადლობას უხდის საქართველოს პარლამენტს შეთავაზებული შენიშვნების გათვალისწინებისთვის და აღნიშნულს, ქვეყნის დემოკრატიზაციისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს." უფრო ადრე საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ელექტრონული კომუნიკაციის კანონში პარლამენტის მიერ 30 ოქტომბერს შეტანილ ცვლილებას. ამ ცვლილების თანახმად, შსს-ს მომავალი წლის თებერვლამდე გაუხანგრძლივდა კავშირგაბმულობისა და კომუნიკაციის ხაზებიდან, სერვერებიდან, ბაზებიდან, კავშირგაბმულობის ქსელიდან და სხვა საშუალებებიდან ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვების ტექნიკური შესაძლებლობების გამოყენების და სათანადო აპარატურის განთავსება-მონტაჟის უფლება.

XS
SM
MD
LG