Accessibility links

1 თვით მოსმენაზე ხელი ისევ შსს-ს მიუწვდება


გიორგი მარგველაშვილი

გიორგი მარგველაშვილი

96 ხმით 1-ის წინააღმდეგ - ამ თანაფარდობით დაუჭირა პარლამენტმა მხარი პრეზიდენტის შეთავაზებას, მომავალი წლის 28 თებერვლის ნაცვლად, 2014 წლის 1 დეკემბრამდე ჰქონდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს კანონიერი ფარული მიყურადების უფლება. მანამდე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ისარგებლა უფლებამოსილებით და ვეტო დაადო ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებულ იმ კანონს, რომელიც პარლამენტმა 30 ოქტომბერს მიიღო. კანონის თანახმად, ფარული თვალთვალის უფლება 2015 წლის 28 თებერვლამდე რჩებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, ნაცვლად თავიდან განსაზღვრული 1 ნოემბრისა. ვეტოს დაძლევის გზას პარლამენტმა პრეზიდენტის წინადადებისთვის მხარდაჭერა არჩია.

„შექმნილ ვითარებაში ერთადერთი სწორი გამოსავალი მოიძებნა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა რამდენიმესაათიანი ხმაურიანი და მწვავე დებატების დასრულების შემდეგ.

„96 მომხრე, 1 წინააღმდეგი - გაზიარებულია პრეზიდენტის ვერსია. ამრიგად, დღის წესრიგიდან იხსნება პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის საკითხი. მინდა ამ პროცესში მონაწილე ყველა მხარეს ვუთხრა, რომ მოიძებნა ის გზა, გამოსავალი, რომელიც ბევრი სხვადასხვა მხრიდან აღმოჩნდა, შესაძლოა, ერთადერთი გამოსავალი შექმნილ ვითარებაში“.

შექმნილი ვითარება კი, რომელზეც დავით უსუფაშვილი ლაპარაკობდა, პრეზიდენტის ვეტომ განაპირობა. გიორგი მარგველაშვილმა, იმის გათვალისწინებით, რომ „არის საზოგადოებრივი კონსენსუსი, რომ ქვეყანა გადავიდეს სპეცსამსახურების ფუნქციონირების თანამედროვე დემოკრატიულ ფორმაზე“, ისარგებლა თავისი უფლებამოსილებით და, როგორც ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მოუწოდებდნენ, ვეტო დაადო პარლამენტის მიერ 30 ოქტომბერს მიღებულ კანონს, რომლის მიხედვითაც, შინაგან საქმეთა სამინისტროს 28 თებერვლამდე უხანგრძლივდებოდა კანონიერი ფარული მოსმენის უფლებამოსილება და ელექტრონული კომუნიკაციების არხში არსებული მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის კოპირება-შენახვის უფლება:

„ჩვენ იმაზე, რაზეც მთელი საზოგადოება ჩამოყალიბებულია და არსებობს კონსენსუსი, ჩვენ ეს კონსენსუსი უნდა მოვიყვანოთ კანონის ფორმაში. სწრაფად უნდა ვიღებდეთ იმ კანონებს, რომელზეც არის სრული კონსენსუსი საზოგადოებაშიც. მე დარწმუნებული ვარ პოლიტიკურ ელიტაშიც და, შესაბამისად, ის კანონები, რაც უკავშირდება დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, მათ დაცულობას, უნდა უსწრაფეს ვადაში იქნეს მიღებული, უნდა აღდგეს ნდობა და ამ ნდობის აღდგენა უნდა დავიწყოთ პოლიტიკოსებმა. შესაბამისად, ამ არგუმენტაციით, მე ვადებ ამ კანონს ვეტოს და იმედი მაქვს, პარლამენტი გაიზიარებს ჩემს პოზიციას“.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი კვერენჩხილაძის მიერ წარმოდგენილ შენიშვნებს მოუსმინა, გადაწყვიტა შენიშვნები გაეზიარებინა და სესიაზე ვეტოს დაძლევა აღარ ეცადათ. იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ შალვა შავგულიძემ „იძულებით დათანხმება“ უწოდა ამას, ვინაიდან, მისი თქმით, გაცილებით მეტი დრო დაიხარჯება სხვა შემთხვევაში, ვინაიდან პარლამენტს ვეტო რომც დაეძლია და კანონპროექტი პრეზიდენტისთვის გადაეგზავნა ხელმოსაწერად, თუ პრეზიდენტი მას ისევ არ მოაწერდა ხელს, 7 დღე უნდა გასულიყო, რომ ისევ პარლამენტში დაბრუნებულიყო, რათა უკვე პარლამენტის თავმჯდომარეს მოეწერა ხელი. შვიდი დღის შემდეგ პროცედურებს აზრი ეკარგებოდა, რადგან უკვე 1 ნოემბრიდან ამოქმედდებოდა სხვა რეგულაციები, რომელიც პარლამენტმა მიმდინარე წლის 1 აგვისტოს მიიღო და რომელიც ელექტრონული კომუნიკაციების ხელში აქცევდა ფარული მიყურადების კანონიერ უფლებაზე წვდომის ე.წ გასაღებს. სწორედ ამიტომ, შალვა შავგულიძემ ვეტოს დაძლევა მიზანშეუწონლად მიიჩნია:

შალვა შავგულიძე

შალვა შავგულიძე

„ამ ვადაში ჩვენ კარგ კანონს ვერ მივიღებთ, მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ ვეტო რომც დაიძლიოს, გაცილებით მეტი დრო დასჭირდება ახალი კანონის ინიცირებას, შემდეგ იმაზე დადებული ვეტოს დაძლევას და ა.შ., ამ თამაშ-თამაშით ძალიან დიდხანს გაგრძელდება ეს ვაკუუმი ამ სფეროს რეგულირების, რაც სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის სამართალდამცავი უწყებების საქმიანობას და ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა ამ ქვეყანაზე, მართლწესრიგზე. აქედან გამომდინარე, იძულებული ვარ მეც ვთქვა, რომ მეც მხარს ვუჭერ ამ წინადადების მიღებას, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ მივიღებთ არა კარგ კანონს, არამედ რაღაც კომპრომისულს, შეიძლება ითქვას, საკმაოდ დაუმუშავებელ კანონს“.

საპარლამენტო უმრავლესობის იმ ნაწილის არგუმენტი, რომელიც კანონის ამოქმედების ვადად 28 თებერვალს ასახელებდა, ორი სახის იყო: ერთი, რომ თავად კომუნიკაციების კომპანიები არ იყვნენ მზად არც ტექნიკურად და არც ფინანსურად და, მეორე, არსებობდა ევროსაბჭოს ექსპერტთა რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც რეგულაციები ამ სფეროში ეროკავშირშიც იცვლება, რის გამოც აჩქარება არ იყო მიზანშეწონილი.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტის გიორგი გოცირიძის განმარტებით, ხელისუფლების ეს არგუმენტი პირველ ნაწილში სუსტია, ვინაიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ-ტექნიკურ დეპარტამენტს აქვს აღჭურვილობა, რომლითაც მიერთებულია ყველა პროვაიდერ და ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიასთან და ამ სერვერების ე.წ. „შავი ყუთების“ სამინისტროდან გატანით არავითარი შეფერხება არ გაჩნდება:

გიორგი გოცირიძე

გიორგი გოცირიძე

„კანონით ევალებათ მობილურ ოპერატორებს ის, რომ ჰქონდეთ ეს მოსასმენი აპარატი, მაგრამ ვიცით, რომ მათ ამ დროისთვის შეძენილი არ აქვთ და ამ კუთხით შეიძლება წარმოიშვას პრობლემა, თუმცა გამოსავალი შეიძლება იყოს ის, რომ შსს-ს ინფრასტრუქტურა, უბრალოდ, გადაეცეს მობილურ ოპერატორებს და არც ეს იქნება პრობლემა. ვიცით, რომ მუდმივად არის შსს-ს შავი ყუთები შეერთებული ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიებთან და მობილური ოპერატორების ქსელებზე და გამოსავალი, რომ კოლაფსი არ მოხდეს, შეიძლება იყოს ამ შავი ყუთების გადაცემა კავშირგაბმულობის ოპერატორებისთვის“.

ერთი თვით მოსმენისა და მოსმენილის შენახვა-კოპირების უფლება ისევ შინაგან საქმეთა სამინისტროს რჩება. პარლამენტმა ამ ერთ თვეში უნდა დაადგინოს გონივრული ვადა, როდიდან და რა მექანიზმებით შევა ძალაში ცვლილებები. 1 აგვისტოს მიღებული კანონის პარალელურად პარლამენტში სამოქალაქო სექტორის მიერ რეგისტრირებული ალტერნატიული კანონპროექტიცაა შეტანილი, რომელიც კანონიერ მოსმენაზე წვდომის უფლებას, კავშირგაბმულობის ოპერატორების გარდა, სასამართლოსაც აძლევს.

XS
SM
MD
LG