Accessibility links

logo-print

პროკურატურამ გაუგებარი უწოდა ალექსანდრე ბატიაშვილის ადვოკატის განცხადებას


საქართველოს პროკურატურამ გაუგებარი უწოდა თავდაცვის მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ბატიაშვილის ადვოკატის განცხადებას, რომ 3 ნოემბერს, პროკურატურაში ბატიაშვილის მოწმედ დაკითხვა დარღვევებით მიმდინარეობდა. პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დაკითხვა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა პროცედურის დაცვით მიმდინარეობდა 8 საათის განმავლობაში, რადგან გამოძიებას ბევრი შეკითხვა ჰქონდა. პროკურატურის განცხადებითვე, ალექსანდრე ბატიაშვილს დასმულ შეკითხვებზე პასუხი არ აღმოაჩნდა, დაკითხვის დასრულებისას კი გამოიჩინა გაურკვეველი დამოკიდებულება და უარი თქვა მის მიერვე მიცემული ჩვენების საფუძველზე შედგენილი ოქმის ხელმოწერაზე. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, გამომძიებელმა მოწმეს და მის ადვოკატს მისცა საშუალება ხელმოწერაზე უარის მიზეზების შესახებ შენიშვნა დაეფიქსირებინათ, რის შემდეგაც დაკითხვის პროცესის დასრულდა მისთვის კანონით განსაზღვრული 8-საათიანი ვადის ამოწურვის გამო. პროკურატურის შეფასებით, დარღვევების შესახებ ადვოკატის განცხადებას ის განაპირობებს, რომ მოწმე ალექსანდრე ბატიაშვილი არ აღმოჩნდა მზად პასუხები გაეცა გამოძიების შეკითხვებისთვის. პროკურატურის განცხადებითვე, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად მზად არის ალექსანდრე ბატიაშვილი განმეორებით დაკითხოს და მოწმეს სთავაზობს ამ პროცესის აუდიოვიდეოჩაწერას, რათა „შემდგომში თავიდან იქნეს აცილებული მსგავსი სპეკულაციები“.

XS
SM
MD
LG