Accessibility links

logo-print

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ალასანია თანამდებობიდან გაათავისუფლა


ირაკლი ალასანია

ირაკლი ალასანია

თავდაცვის მინისტრის პოსტიდან ირაკლი ალასანიას გათავისუფლების გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა გაახმოვანა 4 ნოემბერს, გვიან საღამოს გამართულ ბრიფინგზე, რომელსაც წინ უსწრებდა კოალიცია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული შეხვედრა საპარლამენტო უმრავლესობისა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ირაკლი ღარიბაშვილი თვლის, რომ ირაკლი ალასანია თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებულ საგამოძიებო პროცესში ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას ეწინააღმდეგებოდა და საკითხის პოლიტიზებას ცდილობდა. ირაკლი ალასანიას გათავისუფლებას წინ უსწრებდა მის მიერ გაკეთებული პოლიტიკური განცხადება იმის შესახებ, რომ სახეზეა პოლიტიკური სარჩული და რომ მთავარი პროკურატურის მიერ გადადგმული ნაბიჯები აშკარად ეწინააღმდეგება საქართველოს დაახლოვებას ნატოსთან.

თავის მხრივ, ირაკლი ალასანიას პოლიტიკური განცხადება მოჰყვა პროკურატურის მიერ თავდაცვის სამინისტროს მისამართით გახმოვანებულ ახალ ბრალდებებს.

პრემიერ-მინისტრი თვლის, რომ მთავარი პროკურატურის მიერ წარმოებული საგამოძიებო პროცესების პოლიტიზება, რასაც ირაკლი ალასანია ბოლო დღეების განმავლობაში ცდილობდა, უარყოფითად აისახება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე და მთავრობის ეფექტურ მუშაობაზე. ირაკლი ღარიბაშვილს მიაჩნია, რომ ამ პროცესის შესაწყვეტად გამოსავალი მინისტრის გათავისუფლებაა:

„იმისათვის, რომ მოხდეს საქართველოს შეიარაღებული ძალების პოლიტიზების თავიდან აცილება და თავდაცვის სამინისტროს პოლიტიზების თავიდან აცილება, ის, რაც არის ჩვენი მთავარი მონაპოვარი. რათა უზრუნველყოფილ იქნეს შესაბამისი პირობები დამოუკიდებელი გამოძიებისთვის, ჩემ მიერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება თავდაცვის მინისტრის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. აქვე მინდა განვაცხადო, რომ ალასანიას უპასუხისმგებლო განცხადება, რომ ქვეყნის ევროატლანტიკურ არჩევანზე არის შეტევა ეს გამოძიებები, რაც მიმდინარეობს სამინისტროში – ეს არის ყოვლად უპასუხისმგებლო. და მე მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო ის, რაც არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია – ეს არის არა მხოლოდ ჩვენი მთავრობის, არამედ ჩვენი ხალხის არჩევანი და ეს პროცესი იქნება შეუქცევადი.“

ყველაფერი ეს მიქმნის ეჭვს, რომ საქმე გვაქვს მიზანმიმართულ შეტევაზე თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ, რომელიც არის პირდაპირი ჯაჭვი ჩვენი ქვეყნის კავშირისა ნატოსთან, ევროკავშირთან...

საქართველოს საგარეო კურსთან დაკავშირებული განცხადება, რომელიც პრემიერმა ახსენა, თავდაცვის აწ უკვე ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ 4 ნოემბერს, საღამოს 6 საათზე გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა, რომელზეც ის საზოგადოების წინაშე პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლებთან ერთად წარდგა. ალასანიამ თქვა, რომ აშკარაა პოლიტიკური სარჩულის არსებობა და რომ მისი თანამშრომლების დაკავების დრო და გარემოებები საქართველოსთვის საგანგაშო სიმპტომებს ავლენს. საქმე ის არის, რომ ირაკლი ალასანიას შემთხვევით არ მიაჩნია, რომ თავდაცვის უწყების ხუთი მაღალჩინოსნის დაკავება სწორედ მაშინ მოხდა, როცა ის საფრანგეთსა და გერმანიაში კოლეგებს ხვდებოდა და „მიმდინარეობდა მოლაპარაკებები საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე“; ხოლო 4 ნოემბერს, როდესაც გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი კაპანაძე ამერიკაში იმყოფება, თავის ამერიკელ კოლეგასთან შეხვედრის მიზნით, მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს სხვა თანამშრომლებს წარუდგინა ბრალი:

„ყველაფერი ეს მიქმნის ეჭვს, რომ საქმე გვაქვს მიზანმიმართულ შეტევაზე თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ, რომელიც არის პირდაპირი ჯაჭვი ჩვენი ქვეყნის კავშირისა ნატოსთან, ევროკავშირთან. და ვინაიდან საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ორიენტაციას, ჩვენი ქვეყნის მომავალს, სწორედ ამიტომ მე გადავწყვიტე, ეს განცხადება გამეკეთებინა და ხვალ მივმართავ ჩვენი მმართველი კოალიციის პოლიტიკურ საბჭოს, რომ შევიკრიბოთ და გავხსნათ მსჯელობა, თუ საითკენ მიჰყავს პროკურატურას და ამ მოვლენებს ჩვენი ქვეყანა. მე მინდა ნათლად ვთქვა, რომ ეს არის შეტევა ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ არჩევანზე.“

„მე ვერ შემაშინებს ვერც პროკურატურა და ვერც ის ტალახი, რომელსაც დღეს ზოგიერთი მედიის წარმომადგენლები ისვრიან“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ და პირობა დადო, რომ ის და მისი თანაგუნდელები ბოლომდე მიიყვანენ და უერთგულებენ 2012 წლის არჩევნების შემდეგ დაწყებულ საქმეს და უერთგულებენ იდეალებს, რომლებისთვისაც საზოგადოებასთან ერთად გაიმარჯვეს.

საგანგებო ბრიფინგის შემდეგ, ირაკლი ალასანია და მისი თანაგუნდელები „თავისუფალი დემოკრატებიდან“ არ შეუერთდნენ კოალიცია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ შეხვედრას, რომლის ფარგლებშიც კოალიციის ლიდერი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საპარლამენტო უმრავლესობისა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდებოდა.

5 ნოემბერს კოალიცია „ქართულ ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა რომ გაიმართება, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმაც აღნიშნა თავის გამოსვლაში და გამოხატა სურვილი, რომ ამ სხდომას „თავისუფალი დემოკრატებიც“ დაესწრონ. სავარაუდოდ, ამ სხდომაზე გადაწყდება ალასანიას პარტიის კოალიციის შემადგენლობაში დარჩენა-არდარჩენის საკითხი. თუმცა შედეგის ვარაუდი ძნელი არ იქნება, თუკი ამ პარტიის კიდევ ერთი წარმომადგენლის, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით ვიმსჯელებთ. გვიან საღამოს ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, შეიძლება ითქვას, რომ აწ უკვე ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა ბევრისთვის მოულოდნელი განცხადება გააკეთა:

ალექსი პეტრიაშვილი

ალექსი პეტრიაშვილი

„ახლოვდება დიქტატურა. დემოკრატია საფრთხეშია და ამიტომ მე გადავდექი. დიდი მადლობა.“

ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა 4 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მისამართით ახალი ბრალდება გაახმოვანა. უწყების ინფორმაციით, ბრალდებულად არიან ცნობილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი მედეა ბეთაშვილი, საქართველოს შეიარაღებული ძალების მესამე ქვეითი ბრიგადის მთავარი ექიმი მიხეილ ბესტაევი, მეოთხე ქვეითი ბრიგადის სამედიცინო სამსახურის უფროსი ოთარ ჯეჯეია და შპს „ქართული კვების კომპანიის“ მენეჯერები: აკაკი გიორგაძე, ლაშა გელოვანი და თორნიკე ხუბუა. სისხლის სამართლის კოდექსის 2201-ე მუხლის პირველი ნაწილით და 342-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარე გამოძიება ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით. სამხედრო მოსამსახურეთა კვების სფეროში გამოვლენილი დანაშაულის შესახებ ინფორმაცია მედიას პროკურორმა კოკა კაციტაძემ 4 ნოემბერს საგანგებო ბრიფინგზე მიაწოდა. მისი თქმით, ბრალდებულები „გულგრილად ეკიდებოდნენ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას და მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო“ არ უზრუნველყოფდნენ „სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის და კონტროლის განხორციელებას“ ; „სამხედრო მოსამსახურეებს სასადილოდან მიეწოდებოდათ მოხმარებისათვის უვარგისი, ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიებით, ეშერიხია კოლით და აურეუსით დაბინძურებული საკვები პროდუქტი“ და შედეგიც შესაბამისი იყო:

„2013 წლის განმავლობაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჯარისო ნაწილებში დაფიქსირდა სამხედრო მოსამსახურეთა დაავადების 10 შემთხვევა. მთლიანობაში საკვები პროდუქტებით მოიწამლა 858 სამხედრო მოსამსახურე, საიდანაც 90 სამხედრო, მძიმე მდგომარეობის გამო გადაყვანილ იქნა სამხედრო ჰოსპიტალში.“

ვფიქრობთ, რომ ბრალის წარდგენისას პროკურატურას ბრალდებულთა წინააღმდეგ უფრო წონადი მტკიცებულებები და არგუმენტები უნდა ჰქონოდა, მით უმეტეს, რომ საქმე ეხება ქვეყნის თავდაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს...

სამხედრო მოსამსახურეთა კვების სფერო – სწორედ ის სფეროა, რომელთან დაკავშირებითაც კითხვის ნიშნები თავად ირაკლი ალასანიასაც მრავლად ჰქონდა და სიმართლის დადგენაში ერთი წლის წინ სწორედ მთავარი პროკურატურის დახმარების იმედს გამოხატავდა. „ჩემ წინააღმდეგ მიზანმიმართული პოლიტიკური თავდასხმები ადრეც ყოფილა და ეს ნაკლებად მაღელვებს“, – უთხრა ჟურნალისტებს მინისტრმა, მაგალითად, შარშან 19 ოქტომბერს. ირაკლი ალასანია მაშინაც აღნიშნავდა, რომ ცრუ ინფორმაცია ვრცელდება და რომ პროცესების მთავარ მიზანს ქართული ჯარისა და ნატოში საქართველოს გაწევრიანების დისკრედიტაცია წარმოადგენდა.

სამხედრო მოსამსახურეების კვების საკითხით დაკავებული თანამშრომლებისთვის ბრალის წაყენებამდე, რამდენიმე დღით ადრე, კერძოდ 28 ოქტომბერს, მთავარმა პროკურატურამ ე.წ. „კაბელების საქმეზე“ – 4 მილიარდზე მეტი ლარის გაფლანგვის ბრალდებით, თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანი დააკავა. 3 ნოემბერს კი, პროკურატურამ დაკითხა მინისტრის მოადგილე ალექსი ბატიაშვილი, რომელმაც დაკითხვის ოქმს ხელი არ მოაწერა. ადვოკატის მტკიცებით, დაკითხვა უხეში დარღვევების თანხლებით მიმდინარეობდა. ბრალდებას უარყოფს პროკურატურა.

4 ნოემბერს, წამყვანმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ, ინფორმაციის თავისუფლების განვითრების ინსტიტუტმა (IDFI), სამოქალაქო განვითარების სააგენტომ (სიდა), ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა (EPRC) და კონსტიტუციის 42-ე მუხლმა – გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც ისინი ე.წ. „კაბელების საქმეზე“ თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსნის დაკავების ფაქტს ეხმაურებიან. განცხადებაში ნათქვამია:

„თავდაცვის სამინისტროს მიერ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის, ასევე, პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადებების საფუძველზე რთულია, ამ ეტაპზე საქმეში დაინახო დანაშაულის ნიშნები. ვფიქრობთ, რომ ბრალის წარდგენისას პროკურატურას ბრალდებულთა წინააღმდეგ უფრო წონადი მტკიცებულებები და არგუმენტები უნდა ჰქონოდა, მით უმეტეს, რომ საქმე ეხება ქვეყნის თავდაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს.“

ერთობლივ განცხადებაზე ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა, ეჭვები და შეკითხვები უჩნდებათ ანალიტიკოსებსაც. მაგალითად როგორც პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, მთავარი პროკურატურის სვლა წინდაუხედავი და გაუთვლელი იყო. მართალია ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს და კანონის წინაშე ყველა თანაბარია, მაგრამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, საქმე ზედმეტი ხმაურის გარეშე წარმართულიყო:

ხათუნა ლაგაზიძე

ხათუნა ლაგაზიძე

„ნაბან წყალს ბავშვი არ გადავაყოლოთო“ – ამ პრინციპით უნდა ემოქმედა ხელისუფლებას და ეს გამოძიება ისე უნდა წარმართულიყო, რომ საფრთხე არ დამუქრებოდა და კითხვის ნიშნები არ გაჩენილიყო ზოგადად ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციასთან დაკავშირებით.“

ხათუნა ლაგაზიძის მსგავსად, არაერთი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ მთავარი პროკურატურის სვლამ საფრთხის ქვეშ დააყენა როგორც ქვეყნის იმიჯი, ასევე მისი უსაფრთხოება.

ასეა თუ ისე, პრემიერ-მინისტრმა 4 ნოემბერს მხარდაჭერა მთავარი პროკურატურის მისამართით გამოხატა, რაც თავდაცვის მინისტრის პოსტიდან ირაკლი ალასანიას გათავისუფლებით დასრულდა. დასახელებულია მომავალი მინისტრის ვინაობაც. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ამ პოსტს უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს თავმჯდომარე მინდია ჯანელიძე დაიკავებს.

XS
SM
MD
LG