Accessibility links

ფანჯიკიძე ტოვებს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს და "ქართულ ოცნებას"


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ის ტოვებს მინისტრის პოსტსა და კოალიცია "ქართულ ოცნებას". ფანჯიკიძის თქმით, თანამდებობებს ტოვებს მისი ოთხივე მოადგილეც: დავით ზალკალიანი, თამარ ბერუჩაშვილი, დავით ჯალაღანია და ვლადიმერ გურგენიძე. ისევე როგორც ირაკლი ალასანიამ, რომელიც პრემიერ-მინისტრმა 4 ნოემბერს გადააყენა თავდაცვის მინისტრის პოსტიდან, ფანჯიკიძე აცხადებს, რომ საფრთხე ემუქრება საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს. „ჩემთვის დიდი პატივი იყო ორი წლის განმავლობაში მემსახურა ჩემი ქვეყნისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციაზე. ყალბი თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი, რომ გასული ორი წლის განმავლობაში ჩვენმა გუნდმა ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე მიაღწია შესაძლებლის მაქსიმუმს“, განაცხადა ფანჯიკიძემ. საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა, რომელიც საქართველოს მთავარი მომლაპარაკებელი იყო ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე, მაია ფანჯიკიძესთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უბრუნდება ირაკლი ალასანიას პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ რიგებს. გუშინ პოსტი დატოვა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმაც.

XS
SM
MD
LG