Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი პოლიტიკურ ძალებს მოუწოდებს, ყურადღება გადაიტნონ საქართველოს მომავალზე


ევროკავშირი საქართველოში ყველა პოლიტიკურ მხარეს მოუწოდებს, ყურადღება გადაიტანონ ქვეყნის მომავალზე. ამ მოწოდებას შეიცავს განცხადება, რომელიც საქართველოში მინისტრების გადადგომის შემდეგ გააკეთა ევროკომისარ იოჰანეს ჰანის პრესმდივანმა, მაია კოჩიანჩიჩმა. მან ბრიუსელში რადიო თავისუფლების კორესპონდენტთან საუბარში აღნიშნა, რომ ევროკავშირს „კარგი თანამშრომლობა“ აკავშირებდა მინისტრებთან, რომლებიც ახლა ტოვებენ საქართველოს მთავრობას. „მოვუწოდებთ ყველა მხარეს ქართულ პოლიტიკაში, ფოკუსირება მოახდინონ ქვეყნის მომავალზე, რადგან ეს არის მნიშვნელოვანი მომენტი, როცა ყველა ძალისხმევის ცენტრში უნდა იდგეს ამოცანები პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის ერთობლივი დღის წესრიგის განსახორციელებლად. თქვენთვის ცნობილია, რომ ორ კვირაზე ნაკლები რჩება საქართველოსთან ასოცირების საბჭოს სხდომამდე, როცა გვეძლევა შესაძლებლობა ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობის ზოგადი მდგომარეობის განსახილველად“,- უთხრა რადიო თავისუფლების კორესპონდენტს იოჰანეს ჰანის პრესმდივანმა, მაია კოჩიანჩიჩმა. ჰანი არის ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში. კოჩიანჩიჩმა ახსენა ასევე საქართველოში ცნობილი პიროვნებებისთვის ბრალდების წაყენების გახშირებული შემთხვევები და გაიმეორა ევროკავშირის მოწოდება, გამჭვირვალედ და პოლიტიკური მოტივაციისაგან თავისუფალ გარემოში წარიმართოს ეს პროცესები.

XS
SM
MD
LG